„ენა და მუსიკა აქცია ჰიმნად“ – 100 წლის რევაზ ლაღიძე
კომპოზიტორი რევაზ ლაღიძე 10 ივლისს 100 წლის გახდებოდა. ამასთან დაკავშირებით ფილოლოგი, პროფესორი ქეთევან გოდერძიშვილი აქვეყნებს სტატუსს.
„დღეს უდიდესი კომპოზიტორის, რევაზ ლაღიძის 100 წლისთავია. ჩემმა მეგობარმა მუსიკისმცოდნე ნათელა პაიკიძემ დიდებული წიგნი (2002წ) უძღვნა დიდებულ კომპოზიტორს.
მერგო პატივი − ეპოქის რჩეულ პირთა შორის ამ წიგნში დაბეჭდილიყო ჩემი ეს წერილიც: „ენა და მუსიკა აქცია ჰიმნად“.
P.S. სავალალოდ, დღესაც, ნახევარი საუკუნის შემდეგ, იმავე პრობლემის წინაშე ვდგავართ: გამძაფრებულ ვითარებაში გვიწევს ქართული მეობის, ქართული გენის დაცვა.
ენა და მუსიკა აქცია ჰიმნად
მაგონდება 1978 წელი. თბილისის ქუჩები ვეღარ იტევდა აზვირთებულ ხალხს. რუსთაველის გამზირი ზღვას დამსგავსებოდა, თავის მასაზრდოებელ მდინარეებს გულის ფანცქალით რომ რომ ელის. სწორედ ამ მასაზრდოებელი ნაკადებივით ყოველი მხრიდან მიედინებოდა აღელვებული ქართველობა იქ, სადაც ელოდა ზღვა, ზღვა, რომელსაც იმ დღეს უნდა გადაერჩინა ერი, გაეყვანა იმ ნაპირზე, სადაც ქართულ სიტყვას უნდა ეხსნა ქართული გენი. ვაითუ, უფრო დიდ ზღვას ჩაენთქა ის, რაც ქართველს ქართველობას უნარჩუნებს?!
აი, ასეთი სათუო დღე იდგა საქართველოში. თბილისში ხალხი ერთ მუჭად შეკრულიყო, დაუმონავი და იმედიანი თვალებით ამხნევებდნენ ერთმანეთს, მაგრამ იყო ღელვაც, ბუნებრივიცაა − მხოლოდ ერთმა ღმერთმა იცოდა, რაც მოხდებოდა იმ დღეს.
მდინარეთა ერთ ძლიერ ნაკადს სტუდენტობა წარმოადგენდა. იმდროინდელი პუშკინის სახელობის პედაგოგიური უნივერსიტეტიდან დაძრულ ახალგაზრდობას წინ უფროსი თაობა მიუძღოდა. მათ შორის იყო კომპოზიტორი რევაზ ლაღიძე. იგი თავისი დიდი მწვანე თვალებით გზას უნათებდა სტუდენტებს ისტორიული მისიის შესასრულებლად, მაგრამ მღელვარებამ მაინც თავისი გაიტანა. მოულოდნელად ერთი ახალგაზრდა, რომელიც უდავოდ ყველა იქ მყოფივით ღელავდა, მიეჭრა ბატონ რეზოს, რომელსაც მკერდზე დეპუტატის ნიშანი ჰქონდა და… ჩამოგლეჯა დაუპირა… რასაც მოჰყვა რეზო ლაღიძის შეძახილი:
− შენზე ნაკლები პატრიოტი…
უხერხულობისგან აღარ მესმოდა − სიჩუმე ჩამოვარდა თუ უფრო ახმაურდა ხალხი. ის კი ნათლად აღმებეჭდა, რომ იქვე მდგომმა მუხრან მაჭავარიანმა დაიძახა:
− შეჩერდი, ეს რეზოა, ლაღიძე! ამ სახელის გაგონებამ ახალგაზრდა გონს მოიყვანა და დარცხვენილი გაერიდა იქაურობას.
სტუდენტთა მდინარეს გზაში ოვაციებით ეგებებოდნენ და აცილებდნენ რუსთაველისკენ. „მთავრობის სახლთან“ რეზო ლაღიძის გამოჩენამ თითქოს ახალი ძალა შემატა იქ მყოფთ.
მართლაც ზღას თუ შევადარებთ ერთხორც და ერთსულ შეკრულ ხალხს. ამ ზღვის ჰორიზონტზე ამართულიყვნენ იმ დღის გმირები, რომლებიც ნაღვლიანი, მაგრამ გამამხნევებელი თვალებით დასცქეროდნენ ერთ მუჭად შეკრულ ქართველობას. ამ ხალხში მდგარი, თვალს ვერ ვაშორებდი ჩემს მასწავლებელს − პროფესორ რევაზ ლაღიძეს, რომელსაც გვერდს უმშვენებდნენ ქართველი ინტელიგენციის ღირსეული წარმომადგენლები. და კიდევ… ქვეყნის მეთაურს. თავის მხრივ, ქვეყნის მეთაური ქართული სიტყვის დასაცავად იქ მიაცილა იმ ზღვამ, ქართველი ერი რომ ჰქვია.
იმ დღემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რომ ერი კბილებით დაიცავს მრავალგზის ხოტბაშესხმული დედაენის ღირსებას.
ამიტომაც მიიღო ოვაციით ხალხმა ის კაცი, ის კომპოზიტორი, რომელმაც განახორციელა თავისი ოდინდელი ჩანაფიქრი − ხუტა ბერულავას ლექსის („აი ია“) წაკითხვამ ფრთები შეასხა რეზო ლაღიძის ოცნებას − ენა და მუსიკა აქცია ჰიმნად და დაარქვა კიდეც … „ჰიმნი დედაენისა“. – წერს ქეთევან გოდერძიშვილი.