“თბილისი პრაიდის” ოფისში შეჭრისთვის ბრალდებულ 3 პირს პატიმრობა შეეფარდა
“თბილისი პრაიდის” ოფისში შეჭრისთვის ბრალდებულ 3 პირს – გიორგი ოძელაშვილს, ალიკა ალაზოვს, გიორგი ელისბარაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძემ მიიღო.
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძის განმარტებით, ორივემ მხარემ დაადასტურა ის გარემოება, რომ აღკვეთის ღონისძიება გამოსაყენებელი იყო, ერთი მხარე გირაოს, მეორე კი პატიმრობას ითხოვდა. მოსამართლის თქმით, მიმალვა, მტკიცებულების განადგურება და ახალი დანაშაულის ჩადენა არ უნდა მოხდეს, თუმცა, სამივე პირობა სახეზეა, რის გამოც სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გამოიყენა. მოსამართლის განცხადებით, გამოძიება სულ რამდენიმე დღის დაწყებულია და ის, რომ ბრალდებულები არ მიიმალებიან, ამის პროგნოზირება რთულია და აღკვეთის სხვა ღონისძიების გამოყენება მიზანშეუწონელი იყო.
გამოძიების ინფორმაციით, “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის დროს, ბრალდებულები ალიკა ალაზოვი, გიორგი ელიზბარაშვილი და გიორგი ოძელაშვილი ორგანიზებულ ძალადობაში მონაწილე სხვა პირებთან ერთად, ჯგუფურად, შეუწყნარებლობის მოტივით თავს დაესხნენ „თბილისი პრაიდის“ ოფისს, სიტყვისა და აზრის გამოხატვის, ასევე მათი საზოგადოებრივი მოღვაწეობის შეზღუდვის მიზნით, უკანონოდ შეიჭრნენ ოფისში და დემონსტრაციულად დააზიანეს და გაანადგურეს „თბილისი პრაიდის“ კუთვნილი ინვენტარი. ალიკა ალაზოვს, გიორგი ელისბარაშვილს და გიორგი ოძელაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (მფლობელობაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით, ჯგუფურად), 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა საზოგადოებრივ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობის მუქარით) და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ.