12 ივლისს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება
12 ივლისს, ორშაბათს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება.
პარლამენტის ინფორმაციით, რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატები პარლამენტის ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 22 თებერვლის დადგენილებაში შესატან ცვლილებაზე იმსჯელებენ. ამის შესახებ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
„ პარლამენტის ეთიკის საბჭოს შემადგენლობაში არა მარტო ფრაქციების, არამედ პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებიც უნდა გაერთიანდნენ”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
პარლამენტის 12 ივლისის რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატები კენჭს უყრიან პარლამენტის დადგენილების პროექტს 2020 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიშის შესახებ. დადგენილების პროექტს სხდომაზე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე წარადგენს.