“ბრიტანეთი და კანადა შეშფოთებულნი რჩებიან მიმდინარე „ბორდერიზაციის“ პროცესით” – ეუთო-ს საბჭოს სხდომაზე ბრიტანეთ-კანადის დელეგაციებმა ჟენევის მოლაპარაკებების 53-ე რაუნდის შესახებ ერთობლივი განცხადება გააკეთეს

ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე ბრიტანეთისა და კანადის დელეგაციებმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 53-ე რაუნდის შესახებ ერთობლივი განცხადება გააკეთეს.

განცხადების თანახმად, ბრიტანეთი და კანადა მიესალმებიან ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 53-ე რაუნდის გამართვას და მიიჩნევენ, რომ ფორმატს შეუძლია, უკეთესობისკენ შეცვალოს ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები პირების ცხოვრება.

  • ბრიტანეთი და კანადა შეშფოთებულნი რჩებიან მიმდინარე „ბორდერიზაციის“ პროცესით, რამაც პანდემიის პირობებში ჰუმანიტარული კრიზისი გაამძაფრა დ უკანონო დაკავებები გამოიწვია (ცალკე აღნიშნული ზაზა გახელაძის შემთხვევა);
  • ბრიტანეთი და კანადა მიესალმებიან მდინარე ენგურზე გადაადგილების აღდგენას, თუმცა, მოუწოდებენ დე-ფაქტო „ხელისუფლებებს“, საერთაშორისო ორგანიზაციებს რეგიონებში შესვლის საშუალება მისცენ;
  • ბრიტანეთი და კანადა მიესალმებიან რაუნდის ფარგლებში საერთაშორისო უსაფრთხოების მხრივ „ხედვების გაცვლას“, თუმცა, ამ კუთხით დისკუსიის გაგრძელების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს;
  • ასევე, მიესალმებიან Women, Peace and Security ფორმატის განხილვას;
  • ბრიტანეთი და კანადა იმედგაცრუებულები არიან, რომ ფორმატის ზოგი მონაწილე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა ჰუმანიტარული საკითხების განხილვაში არ ერთვებიან;
  • აგრეთვე, ხაზგასმულია ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის მნიშვნელობა და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მიმართ მხარდაჭერა;
  • ბრიტანეთი და კანადა კიდევ ერთხელ ადასტურებენ მათ ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში. ამ მხრივ, საერთაშორისო საზოგადოების უმრავლესობის მსგავსად, ორივე ქვეყანა განაგრძობს არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერას და რუსეთის მხრიდან რეგიონების „დამოუკიდებლობის“ მხარდაჭერას მეზობელი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო სისტემის ცალსახა უპატივცემულობად მიიჩნევს;
  • ბრიტანეთი და კანადა მოუწოდებენ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს „ცეცხლის შეწყვეტის შესახებ“ შეთანხმებით მას დაკისრებული ვალდებულებები და თავისი ძალები კონფლიქტამდე პოზიციებზე გაიყვანოს;
  • ბრიტანეთი და კანადა კიდევ ერთხელ ადასტურებენ მათ მხარდაჭერას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მიმართ და ფორმატის ყველა მხარეს მოუწოდებენ, ორმაგად ჩაერთონ პროცესში მშვიდობიანი დარეგულირებისათვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები