იაგო ხვიჩია – დეპუტატების უფლებამოსილების შეჩერებაზე: არავის გარიცხვა და კლასში ჩატოვება კარგი საქმე არ არის და ამაში მონაწილეობას არასოდეს მივიღებთ
“არავის გარიცხვა და კლასში ჩატოვება კარგი საქმე არ არის და ამაში მონაწილეობას არასოდეს მივიღებთ”, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ დეპუტატების უფლებამოსილების შეჩერებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, შალვა ნათელაშვილმა, ელენე ხოშტარიამ და ზურაბ ჯაფარიძემ ამ საკითხზე საკუთარი პოზიცია უნდა დააფიქსირონ.
„დარწმუნებული ვარ, „ქართულ ოცნებაში” მორალური ადამიანები არსებობენ, რომელთაც სხდომაზე მისვლა გაუხარდებათ, თუ იქ მათი კოლეგების პარლამენტიდან გარიცხვის საკითხი იხილება. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ თავი შეიკავეს სხდომაზე მოსვლისგან. ადამიანი მონა არ არის, რომ რაიმე ძალით „შეტენო”. შესაბამისად, ეს ამბავი არ უნდა მოხდეს, მაგრამ უნდა გავარკვიოთ, ვის უნდა პარლამენტში მუშაობა და ვის – არა. მგონია, რომ შალვა ნათელაშვილმა, ელენე ხოშტარიამ და ზურაბ ჯაფარიძემ ამ საკითხზე საკუთარი პოზიცია უნდა დააფიქსირონ. არავის გარიცხვა და კლასში ჩატოვება კარგი საქმე არ არის და ამაში მონაწილეობას არასოდეს მივიღებთ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
დღეს საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე იმ 52 ოპოზიციონერი დეპუტატის სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერებაზე უნდა ემსჯელათ, რომლებიც შვიდი თვის განმავლობაში მეათე მოწვევის პარლამენტს ბოიკოტს უცხადებდნენ, თუმცა სხდომა გადაიდო.