ივანე ჩხაიძე: რისკი, რომ მომდევნო კვირების განმავლობაში ინფიცირების რაოდენობა გაიზარდოს, რეალურია, ეპიდვითარება გაუარესებულია

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანლის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუარესებულია.

მისივე თქმით, ჰაკერულმა შეტევამ და რეგისტრაციის დაყოვნებამ დიდი გავლენა იქონია ვაქცინაციის რიცხვზე.

,,როგორც ინფიცირების მაჩვენებელი, ისე გარდაცვალების მაჩვენებელი, აქტიური შემთხვევების რაოდენობა, ისე დადებითობის მაჩვენებელი, ყველა ეს პარამეტრი ბოლო დღეების განმავლობაში გაუარესებულია.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ზაფხულის პიკი წინ არის, ვგულისხმობ როგორც მობილობას, ასევე, პოტენციურად კორონავირუსის მატარებელი იმ ადამიანების რაოდენობას, რომელიც შეიძლება, ქვეყანაში შემოვიდეს, უფრო ადრე მივიღეთ შემთხვევების მცირე, მაგრამ მაინც მატება, ვიდრე ამის მოლოდინი გვქონდა. შესაბამისად, იმის რისკი, რომ მომდევნო კვირების განმავლობაში მდგომარეობა დარჩეს ასეთივე არასტაბილური და ინფიცირების რაოდენობა გაიზარდოს, ნამდვილად არსებობს.

დღეს მიმდინარე მასობრივი იმუნიზაციის პროცესის სტარტი არ იყო ისეთი აქტიური, რასაც ველოდებოდით, რაც განპირობებულია პორტალთან დაკავშირებულ ტექნიკურ ხარვეზით, რომელიც მიზანმიმართული აქცია იყო. ჰაკერულმა შეტევამ და რეგისტრაციის დაყოვნებამ დიდი გავლენა იქონია ვაქცინაციის რიცხვზე. ის მონაცემები, რომელიც გვაქვს, ყოველდღიურად მზარდია, მაგრამ დამაკმაყოფილებლად შეიძლება, შეფასდეს მხოლოდ მაშინ, თუ 15-20 ათასს მიაღწევს. ეს არის ის მინიმალური ციფრი, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, ერთი თვის განმავლობაში ავცრათ 250 ათასი ადამიანი. ყველა სხვა ციფრი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ წლის ბოლომდე ვერ შევძლებთ მოსახლეობის 60 პროცენტის ვაქცინაციას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ არ შეიქმნება საქართველოში იმუნური ფენა, პანდემია გაგრძელდება, გაგრძელდება ინფიცირების და გარდაცვალების შემთხვევები“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები