მამუკა მდინარაძე: გაბედვა ვინმეს მხრიდან, რომ იძალადოს ჟურნალისტსა და ოპერატორზე, ყოვლად წარმოუდგენელია
“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობა, ევროკავშირის დროშის ჩამოხსნა და მსგავსი ძალადობრივი ქმედებები ყოვლად წარმოუდგენელია.
“გაბედვა იმისა ვინმეს მხრიდან, რომ იძალადოს ჟურნალისტსა და ოპერატორზე, იმის გაბედვაც, რომ თავისი შეხედულებების გამოხატვა დაუკავშიროს ევროკავშირის დროშის ჩამოხსნას და ა.შ. ანუ მსგავსი მოქმედებები არის ყოვლად წარმოუდგენელი. ესეც შეიძლება, რბილი ნათქვამი იყოს. ერთი კითხვა მაქვს მე თითოეულ მათგანსა და იმის ორგანიზატორებთან, ამ ყველაფრის ორგანიზატორებთან – თუკი მათ, ისევე როგორც საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდ და მნიშვნელოვან ნაწილს, მიაჩნიათ, რომ ეროვნული ინტერესები, ეროვნული იდენტობა, ეკლესია და ა.შ. უნდა დაიცვან, მაშინ ის ქმედებები, რაც მათმა ნაწილმა განახორციელა, პირიქით, ხომ არ უწყობს ხელს დისკრედიტაციას ამ ყველაფრის, ისინი ვიღაცის წისქვილზე ხომ არ ასხამენ წყალს და ეს ვიღაცები არიან ისინი, მათ შორის, სამწუხაროდ, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები და პრაიდის ორგანიზატორები, რომლებიც, ალბათ, ამას ინატრებდნენ და ამას ისურვებდნენ, რომ მათ განეხორციელებინათ ძალადობა ჟურნალისტების მიმართ”, – განაცხადა მამუკა მდინარაძე.