რუსი დეპუტატი: რუსეთი მზად არის საქართველოში ტრადიციული ღირებულებების დამცველებს გამოცდილება გაუზიაროს

ყოჩაღ! – ასე შეაფასა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა ვიტალი მილონოვმა საქართველოში მიმდინარე მოვლენები და ლგბტ თემის მოწინააღმდეგეების მიმართ გზავნილი გაავრცელა. FAN– თან ინტერვიუში ის ამბობს:

„რაც უფრო მეტად ემხრობა საზოგადოება არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების პროპაგანდას, მით უფრო მეტი ალბათობაა, რომ ის ვაშინგტონის დიქტატურის გავლენის ქვეშ უპირობოდ მოექცეს. ძალიან მიხარია, რომ მათ გარყვნილებისგან საკუთარი ქუჩების დაცვა შეძლეს.

ევროკავშირისა და შეერთებული შტატების ერთ-ერთი მთავარი პირობა, რომელიც მათ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხის დასმისას წაუყენეს, იყო სწორედ ლგბტ საკითხებთან მიმართებით სახელმწიფოს პოზიციის შერბილება…რაც მოხდა, ყველამ ვიხილეთ და მე მინდა, მოვუწოდო რუსულ მედიას, ქუჩაში პრაიდის წინააღმდეგ გამოსულ ქართველებს არ უწოდონ რადიკალები. ისინი აბსოლუტურად ნორმალური ხალხია და მათი რეაქცია სრულიად ბუნებრივი იყო“, – განაცხადა მილონოვმა.

დეპუტატმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ იგი სიამოვნებით უყურებდა, თუ როგორ იცავდნენ საქართველოს მოქალაქეები ტრადიციულ ღირებულებებს და არ მისცეს პრაიდის მონაწილეებს “თავიანთი ქვეყნის გაყიდვის შესაძლებლობა“.

„ქართველების აბსოლუტური უმრავლესობისთვის ლგბტ თემი აბსოლუტურად უცხოა. საჭიროების შემთხვევაში, რუსეთი მზად არის ტრადიციული ღირებულეებების დამცველებს გარყვნილების წინააღმდეგ ბრძოლაში საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს“, – აღნიშნა მან.

FAN– თან ინტერვიუში მან ასევე თქვა, რომ დარწმუნებულია, ქართველი და რუსი ხალხის განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები, ადრე თუ გვიან, გაივლის და ქრისტიანული ღირებულებები, რაც ამ ორ ერს მათ აერთიანებს, იგივე დარჩება.

დეპუტატმა ასევე ისაუბრა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციაზეც და განმარტა, „თუ რატომ არის შეშფოთებული ის საქართველოში გეი პროპაგანდის მომხრეთა დამარცხებით“:

”შეერთებული შტატებისთვის ეს თემა საერთაშორისო დღის წესრიგის მთავარი თემაა, რადგან მას მშვენივრად ესმის, რომ საზოგადოებები, რომლებიც ამგვარი აღლუმების ჩატარებას უშვებენ, „ვაშინგტონის ცრუ მამების ყველა მითითებასაც უპირობოდ შეასრულებენ“, – განაცხადა რუსმა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები