ბიძინა კულუმბეგოვი: ძალადობას არანაირი გამართლება არ აქვს, ხელისუფლებას ვთხოვ, რომ კანონის უზენასობა აღადგინოს და კანონის წინაშე ყველამ აგოს პასუხი
რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე „თავისუფლებისთვის“ ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი იმყოფება.
მისი თქმით, ის ყველანაირი სახის ძალადობას გმობს.
„ადამიანებისადმი დამოკიდებულება ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. გუშინ, რაც ჩვენს ქვეყანაში დავინახეთ, ეს არის სრულიად მიუღებელი. ჩვენ გავიღვიძეთ ქვეყანაში, რომელშიც არ მინდოდა გაღვიძება.
მინდა, რომ ქვეყანამ იცოდეს, ჩვენ ვართ უმრავლესობა, ადამიანები, რომლებიც ვთვლით, რომ სწორად ვაზროვნებთ, ეს არის სწორედ ქრისტიანული მორალით აზროვნება, როცა სხვა ადამიანი არ დაიჩაგროს და ჩვენ ამ მრწამსს შევინარჩუნებთ“,- აცხადებს კულუმბეგოვი.
მისი თქმით, არავის, ქვეყანაში ძალადობის უფლება არ უნდა ჰქონდეს.
„ძალადობას არანაირი გამართლება არ აქვს, ხელისუფლებას ვთხოვ, რომ კანონის უზენასობა აღადგინოს და კანონის წინაშე ყველამ აგოს პასუხი“.