შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა უაქციზო სიგარეტი გამოავლინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად, 505 კოლოფი უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტი გამოავლინეს, – ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს უაქციზო საქონელი ჩამოერთვა. სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საქმის მასალები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა, – აღნიშნულია ინფორმაციაში.