„რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთის მთელი ენერგეტიკული სისტემის თავის ხელში გადასვლას მოითხოვს“ – ჯემალ გამახარია ოკუპირებულ რეგიონში არსებულ ენერგოკრიზისზე საუბრობს
“რუსული პოლიტიკა ოკუპირებული აფხაზეთის მთელი ენერგეტიკული სისტემის თავის ხელში გადასვლას მოითხოვს, რასაც აფხაზური მხარე კატეგორიულად ეწინააღმდეგება”, – ამის შესახებ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
გამახარია ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ ენერგოკრიზისის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ ამის გამომწვევი მთავარი მიზეზი სწორედ რუსული პოლიტიკაა.
„აფხაზეთში ბოლო დღეების განმავლობაში ენერგეტიკულმა პრობლემამ განსაკუთრებული აქტუალურობა შეიძინა.
აფხაზები მოელოდნენ, რომ ენგურჰესის რეაბილიტაციის შემდეგ მათ ელექტროენერგია არ მოაკლდებოდათ. ეს ასე არ მოხდა. პირველად ომის შემდეგ, მათ ზაფხულის პერიოდში გრაფიკის დაწესება მოუწიათ. ეს უპრეცედენტო შემთხვევაა. ამ ფაქტით ყველა შეწუხებულია. პროგნოზებიც, რბილად რომ ვთქვათ, დამაიმედებელი არაა. ვარაუდობენ, რომ თუ მოხმარება იმ დონეზე გაგრძელდება, რა დონეზეც დღეს ხდება, მათი ლიმიტი ოქტომბერში ამოიწურება და შემდეგ ელექტროენერგიის გარეშე დარჩებიან, ისევ იძულებულები გახდებიან, რუსეთს მიმართონ. რუსეთიდან მოგეხსენებათ, მათ ელექტროენერგიას რუსულ ფასებში აწვდიან. ენგურჰესიდან აფხაზებს გენერაციის 40 % ეკუთვნით, ეს სიტყვიერი მოლაპარაკებაა, არანაირი ოფიციალური ხელშეკრულება არ არსებობს, მაგრამ ქართული მხარე ამ სიტყვიერ მოლაპარაკებას იცავს. უფრო მეტიც, არა მხოლოდ იცავს, არამედ მათთვის 50%-ზე ნაკლები არ მიუციათ, 2020 წელს ქართულ მხარემ აფხაზებს გენერაციის 70 % მისცა. ენგურჰესის გეენრაციის 40% მილიარდ 900 მილიონ კილოვატ – საათს შეადგენს. აფხაზებმა 2020 წელს 2 , 5 მილიარდი კილოვატ საათი ელექტროენერგია მოიხმარეს“, – განაცხადა გამახარიამ.
მისივე თქმით, აფხაზეთის ენერგოსისტემაში ობიექტური პრობლემებიც არსებობს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა რუსულ პოლიტიკას ეხება.
„აფხაზეთის ენერგოსისტემაში ობიექტური პრობლემებიც არსებობს: ესაა აღრიცხვა, ზუსტად არ აღირიცხება ვინ რა მოიხმარა, ასევე დაბალი ტარიფები, ამასაც კი არ იხდიან. მთელი რიგი სოფლები, დასახლებები გადასახადებს არ იხდიან, ე.წ. მაინინგ ფერმები, კრიპტოვალუტის წარმოება.
მაგრამ, არის უფრო მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც პირდაპირ პოლიტიკას ეხება. არაერთხელ გვითქვამს, რომ რუსეთმა აფხაზეთს თავს მოახვია 45 -პუნქტიანი პროგრამა, რომელიც კანონმდებლობის ჰარმონიზაციის გზით აფახაზეთსა და რუსეთს შორის საერთო სოციალური და ეკონომიკური სივრცის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს. ამ დოკუმენტის მეოთხე პუნქტში წერია: „აფხაზეთის რესპუბლიკის ნორმატიული და სამართლებრივი აქტების მიღება, რომლებიც აფხაზეთის ელექტროქსელების მოდერნიზაციისა და ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით რუსული ელექტროქსელების კომპანიების ინვესტიციების მოზიდვას დაარეგულირებენ“. ამ უწყინარი ჩანაწერის უკან უზარმაზარი პოლიტიკური პრობლემა დგას. დე ფაქტო აფხაზური კანონმდებლობის თანახმად, აფხაზეთში მთელი ენერგოსისტემა სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენს და ის პრივატიზაციას არ ექვემდებარება. რუსული მხარე ამ კანონმდებლობის შეცვლას მოითხოვს“, – განაცხადა გამახარიამ.
მისივე თქმით, ოკუპირებულ რეგიონში მიიჩნევენ, რომ ენერგოსისტემის მოშლა აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფოებრიობის მოშლას ნიშნავს და რუსეთის სურვილს ეწინააღმდეგებიან. როგორც გამახარიამ განმარტა, რუსეთს სურს, ოკუპირებული აფხაზეთის ელექტროსიმძლვარეები პრივატიზაციას ექვემდებარებოდეს.
„რუსეთი იმის შეცვლას მოითხოვს, რომ ელექტროსიმძლვარეები სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენს და არ ექვემდებარება პრივატიაზაციას. რუსეთს სურს, რომ ის პრივატიზაციას ექვემდებარებოდეს, მხოლოდ ამ შემთხვევაში ჩადებენ ინვესტიციებს იმისათვის, რომ აფხაზეთის ენერგეტიკული სისტემის მოდერნიზაცია მოხდეს. ამას რუსების გაანგარიშებით, დაახლოებით, 20 მილიარდი რუბლი სჭრიდება. აფხაზებს ეს ფული არ აქვთ. შესაბამისად, ამ ჩადებული ინვესტიციების ხარჯზე ელექტროქსელების რუსებზე გასხვისება უნდა მოხდეს. აფხაზების ამის კატეგორიული წინააღმდეგები არიან. დე ფაქტო პარლამენტში სწორედ ამ საკითხს მოჰყვა განხილვა, რომელიც 1-ელ ივლისს გაიმართა. დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ენერგოსისტემის მოშლა, ფაქტობრივად, აფხაზეთის სახელმწიფოებრიობისა და დამოუკიდებლობის მოშლას ნიშნავს.
კრიზისი მთავარი მიზეზი სწორედ რუსული პოლიტიკაა, რომელიც აფხაზეთის მთელი ენერგეტიკული სისტემის მის ხელში გადასვლას მოითხოვს. აფხაზური მხარე ამას კატეგორიულად ეწინააღმდეგება და რუსეთს ეუბნება, ჩვენ უცხოური ინვესტიციების შესახებ კანონი გვაქვს, რომლის შესაბამისადაც, შეგიძლიათ, ინვესტიციები ჩადოთო. რუსეთი კი ამაზე არ მიდის”, – განაცხადა გამახარიამ.
მისივე თქმით, ქართულმა მხარემ ყველაფერი უნდა იღონოს იმისათვის, რომ ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთზე დამოკიდებული ენერგეტიკული კუთხითაც არ გახდეს.
„რა არის გამოსავალი და ჩვენ რისი გაკეთება შეგვიძლია: რასაკვირველია, უშუალოდ ვერ ჩავერევით. როგორც ეს ჩვენ ადრეც გაგვიკეთებია, ქართულმა მხარემ ამჯერადაც ყველაფერი უნდა იღონოს იმისათვის, რომ ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთზე დამოკიდებული ენერგეტიკული კუთხითაც არ გახდეს, რათა კრიზისი არ გაღრმავდეს და ამან აფხაზური მხარე არ აიძულოს, ენერგოსისტემა რუსეთს გადასცეს. ეს ძალიან დიდ პრობლემას შეგვიქმნის ჩვენც, ენგურჰესსაც. ეს არა მხოლოდ დიდი ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური პრობლემაცაა. არ ვაკონკრეტებ, ეს როგორ და რანაირად შეიძლება, მაგრამ ქართულ მხარეს ეს არაერთხელ გაუკეთებია. დიდი იმედი მაქვს, რომ ამჯერადაც გააკეთებს“, – განაცხადა გამახარიამ.
თამუნა შეყილაძე