ლევან ბაგრატიონის აკლდამა გრემში – მეცნიერები საბოლოო პასუხებს ელოდებიან

საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ გრემის მთავარანგელოზთა ტაძარში ქართველი მეფის, ლევან ბაგრატიონის აკლდამა გამოავლინა. ლევან მეფეს დიდი ღვაწლის გამო, შთამომავლობამ „დიდის“ და „აღმშენებლის“ ზედწოდებანი მიანიჭა: მან 54 წელი იმეფა (1518-1574 წწ) და გონივრული საგარეო და საშინაო პოლიტიკის წყალობით, ქვეყანამ არნახულ აღმავლობას მიაღწია.
ისტორიული წყაროებისა და გადმოცემების მიხედვით, მათ შორის ვახუშტი ბაგრატიონის თხზულებითაც, ლევან მეფე ქალაქ გრემში, მის მიერ აგებულ მთავარანგელოზთა ტაძრის კომპლექსში უნდა ყოფილიყო დაკრძალული, მაგრამ კონკრეტული ადგილი უცნობი იყო, რადგან საფლავის ქვა ან სხვა მინიშნება არ არსებობდა.
ლევან ბაგრატიონის სამარხის გამოვლენის შემდეგ დავუკავშირდით ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელს, ბატონ ნოდარ ბახტაძეს.

– ჩვენი ექსპედიცია ამ მხარეში გრემის ნაქალაქარზე დიდი ხანია მუშაობს და რამდენიმე უბანი გამოაჩინა. მაგრამ წლეულს ლევან მეფის თემამ განსაკუთრებით წამოიწია წინ. იგი დიდი მეფე იყო და, ბუნებრივია, მისდამი ინტერესი არსებობდა.
არქეოლოგიური სამუშაოებს მხარს უჭერდნენ: საქართველოს საპატრიარქო და ნეკრესის ეპარქია, ბაგრატიონთა ოჯახის შთამომავლები. მათი მხრიდან სპონსორები მოიძებნა, საინიციატივო ჯგუფი შეიქმნა და გადაწყდა, რომ უნდა გამოგვეჩინა ლევან მეფის საფლავი.
ამ ფაქტისადმი ჩვენი, არქეოლოგების, ინტერესიც დიდი იყო.
60 წლის წინანდელი ექსპედიციების დროს, კონკრეტულად ეს საკითხი რატომღაც არავის დაუყენებია, ჩათვალეს, რომ სადღაც აქ იყო დაკრძალული მეფე ლევანი და მორჩა, მაგრამ ახლა, როდესაც დადგა საფლავის ქვისა და მემორიალური დაფის დამაგრების საკითხი, აუცილებელი გახდა საფლავის ზუსტი ადგილმდებარეობის დადგენა.
– რამდენ ხანს გაგრძელდა სამუშაოები და ვინ იყვნენ ჩართულნი ექსპედიციაში?
– ექსპედიცია საქართველოს ეროვნული მუზეუმის ეგიდით ჩატარდა, თუმცა ჩართული გვყავდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც, მე, ამავდროულად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორიც ვარ. ჩავრთეთ პრაქტიკანტი სტუდენტები…
სამუშაოები ორ კვირას გაგრძელდა. მოძებნა არ გაგვიჭირდა, ლოგიკურად მივხვდით, რომ შემაღლებულ ბაქანზე უნდა ყოფილიყო საფლავი, მართლაც, იქ ვნახეთ იატაკქვეშა აკლდამა, რომელსაც აქვს კიბეებიანი ჩასასვლელი – დრომოსი, კიბეებით ჩავდივართ და მერე უშუალოდ აგურით საგულდაგულოდ ამოყვანილი დასაკრძალავი კამერაა, ზემოდან თაღური კამარით გადახურული.
ეს არის ტაძრის დარბაზის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში, შემაღლებული პლატფორმის ქვეშ, კედელზე გამოსახული ტაძრის გვირგვინოსანი ქტიტორის – ლევან მეფის ფერწერული გამოსახულების წინ.
აკლდამაში ნეშტთან ერთად XVI საუკუნის რამდენიმე ნაკეთობაც აღმოჩნდა.
ლევანი გარდაიცვალა 1575 წელს, მას შემდეგ შაჰ-აბასი შემოიჭრა კახეთში, ყიზილბაშებმა მოაოხრეს ქვეყანა, და მათ შორის – გრემიც, ეძებდნენ ძვირფასეულობას, და შეიძლება რაღაც გააყოლეს კიდეც ხელს. დიდი რა ექნებოდა ქრისტიან მეფეს? – ალბათ ჯვარი, ბეჭედი, ტანსაცმლის ვერცხლის აქსესუარები… გაძარცვეს აკლდამა და ჩონჩხიც აურიეს, მაგრამ, ჩვენდა საბედნიეროდ, მერე რომელიღაც საუკუნეში, არ ვიცი როდის და ვის მიერ, ვიღაცას ქვებით ამოუვსია ჩასასვლელი, რომ ყველა გამვლელ-გამომვლელი შიგ არ ჩასულიყო.
ამრიგად, მე-19 საუკუნეში აღდგა მსახურება, ერთიანად მოლესეს კიდევ იატაკი და ამის შემდეგ უკვე დაიკარგა აკლდამა. ბოლო საუკუნენახევრის განმავლობაში არავინ იცოდა, რომ მანდ აკლდამა იყო.
– რა დაგხვდათ აკლდამაში?
– ძალიან კარგი ნაგებობაა, სამარხია, ასეთი ბევრი არ არ გვაქვს საქართველოში, მაგრამ ნივთები ცოტა დაგვხვდა, თუმცა მაინც დაგვხვდა: მე-16 საუკუნისთასი, რაღაც ნიშნებით. ჭურჭელი, ნაკურთხი ზეთი… ეტყობა ზეთს აცხებდნენ, საკმეველს უკმევდნენ მიცვალებულების დღეებში, სანამ განადგურდებოდა და ირანელები გააპარტახებდნენ.
ერთი-ორი სპილენძის სამკაულივით მაინც დარჩენილა, ჩოხის შესამკობელი ვერცხლის რგოლი, ანუ ნარჩენები, შემთხვევით რომ დავარდება, რომ ვერ შენიშნავენ და ვერ წაიღებენ… საბედნიეროდ, ძვლები არ სჭირდებოდათ, უბრალოდ მიყარ-მოყარეს. სხეულის სხვადასხვა ნაწილები ჩვენ ვნახეთ.
– რა დამატებითი კვლევები ჩატარდება?
– ჩვენ ჩამოვიყვანეთ სპეციალისტები, ანთროპოლოგები, მათ აღნიშნეს, რომ ეს არის ასაკიანი კაცი, მაგრამ მარტო ამას არ დავჯერდებით, რადგან უფრო მეტი გვინდა ვიცოდეთ, 21-ე საუკუნეში უფრო მეტი მოგვეთხოვება, ამიტომ მიგვაქვს ძვლების ნაწილი პოლონეთში, რომ იქაურ ლაბორატორიაში რადიოკარბონული მეთოდით დადგინდეს, როდის გარდაიცვალა ეს ადამიანი, ვისი ძვლებიც სამარხშია.
როგორც კი დაემთხვევა 1574 წელს, მეტ-ნაკლებად, უკვე საბოლოოდ დამტკიცებული იქნება, რომ ეს არის ლევან მეფის აკლდამა.
ჩემთვის ცხადია, და ისედაც ვხვდები, რომ ეს უნდა იყოს ლევან მეფის აკლდამა. მაგრამ მას მეორე ცოლი ჰყავდა  და იქნებ იმისი ძვლებიც შეერია?! ამიტომ საჭიროა ასეთი კვლევა.
ასევე ჩატარდება პალინოლოგიური კვლევებიც.
ლევან მეფის ფრესკას აწერია – ლევან მეფე აღმაშენებელი. ლოგიკით თუ მივყვებით, ვიცოდით, რომ სადღაც მანდ იყო სამარხი, აღმოჩენა ის არის, რომ გავხსენით და რეალურად დადასტურდა.
საბოლოოდ, ამ ყველაფერს ბეჭედი დაესმება მაშინ, როცა საბოლოო პასუხებს მივიღებთ, გაკეთდება ახალი საფლავის ქვაც და პატივს მიაგებენ მეფის ხსოვნას.

თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები