ირაკლი ღარიბაშვილმა ჯეიმს აპატურაის საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესში გაწეული ძალისხმევისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუცხადა

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაის შეხვდა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ჯეიმს აპატურაის საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესში გაწეული ძალისხმევისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტის მნიშვნელობას, რომელიც სექტემბერში იგეგმება, ასევე – ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნების როლს საქართველოს თავდაცვის ძალების თავსებადობის გაძლიერებაში.
პრემიერმინისტრის შეფასებით, გლობალური პანდემიის მიუხედავად, საჭიროა ნატო-საქართველოს თანამშრომლობასა და ინტეგრაციის პროცესში პოზიტიური დინამიკის შენარჩუნება. საუბარი შეეხო საქართველოს პრემიერმინისტრის აქტიური ფასილიტაციისა და აშშ-ის ჩართულობით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეულ შეთანხმებას. ჯეიმს აპატურაიმ ირაკლი ღარიბაშვილს მადლობა გადაუხადა წარმატებული მედიაციისთვის, რომლის შედეგადაც, სომხეთის 15 მოქალაქე გათავისუფლდა, ხოლო აზერბაიჯანულ მხარეს დანაღმული ტერიტორიების შესახებ რუკები გადაეცა. საუბარი ასევე შეეხო ნატოს ბრიუსელის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებებს.
პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა აფასებს მოკავშირეების ცალსახა გზავნილებს, რომელიც სამიტის კომუნიკეში აისახა. მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ ბრიუსელის სამიტის გადაწყვეტილებები საფუძველს ჩაუყრის საქართველოს წინსვლას ალიანსის წევრობის გზაზე. აღინიშნა, რომ ამ პროცესში მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია და თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებებს აჩენს ნატო-საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტი, რომლის შემუშავებაში გაწეული მხარდაჭერისთვის პრემიერმა ჯეიმს აპატურაის მადლობა გადაუხადა.
საუბრისას, ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ გამოწვევებსა და მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე. ირაკლი ღარიბაშვილმა განსაკუთრებით აღნიშნა საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის აუცილებლობა ზაზა გახელაძისა და უკანონოდ დაკავებული საქართველოს ყველა მოქალაქის დაუყოვნებლად გათავისუფლების უზრუნველსაყოფად. საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისკენ. ასევე, ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში მნიშვნელოვან საკითხებზე ხელშესახები შედეგების მიღწევის აუცილებლობას.
შეხვედრაზე, საუბარი შეეხო შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობას. აღინიშნა ნატო-საქართველოს აქტიური თანამშრომლობის როლი შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა ავღანეთში მტკიცე მხარდაჭერის მისიაში საქართველოს აქტიური მონაწილეობისთვის და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ქართველი სამხედროების მაღალ პროფესიონალიზმს.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ავღანეთიდან გასვლის შესახებ ნატოს გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველომ, სტრატეგიულ პარტნიორთან – აშშ-თან და ნატოსთან მჭიდრო კოორდინაციით, ავღანეთიდან ქართული დანაყოფების გაყვანა დაასრულა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი როზარია პუგლისი და ნატოში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი, ვიქტორ დოლიძე ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები