მიხეილ სარჯველაძემ ის კრიტერიუმები დაასახელა, რომელსაც ცესკო-ს მომავალი თავმჯდომარე უნდა აკმაყოფილებდეს
უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ ცესკო-ს მომავალი თავმჯდომარის არჩევისას გასათვალისწინებელი ფაქტორები დაასახელა.
როგორც მან თემაზე საუბრისას განაცხადა, ყველაზე მნიშვნელოვანია, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მომავალი თავმჯდომარე აკმაყოფილებდეს კეთილსინდისიერებისა და კვალიფიციურობის კრიტერიუმებს.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, იმ განწყობების გათვალისწინებით, რომელიც ბოლო ხანებში დაფიქსირდა პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან, იქმნება შთაბეჭდილება, რომ მათ კვლავ დესტრუქციული გეგმა აქვთ.
,,ყველაზე მნიშვნელოვანია კეთილსინდისიერებისა და კვალიფიციურობის კრიტერიუმი. ეს არის წარსული გამოცდილება, რეპუტაცია, სხვადასხვა პირის დახასიათება და ასე შემდეგ.
იმ განწყობების გათვალისწინებით, რომელიც ბოლო ხანებში დაფიქსირდა პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან, მექმნება შთაბეჭდილება, რომ მათ კვლავ აქვთ დესტრუქციული გეგმა. მათთვის მნიშვნელოვანი იქნება, რომ რამენაირად ხელი შეუშალონ პროცესების ნორმალურად განვითარებას, ეს ანგარიშგასაწევი ფაქტორია. თუმცა, მაინც იმედს გამოვთქვამ, რომ შესაძლებელი იქნება გარკვეული კონსულტაციების შედეგად შეთანხმების მიღწევა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.