ლევან დავითაშვილი: მცირე სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, სახნავი ტერიტორიები მთლიანად უნდა იყოს მელიორირებული, ეს არის ამბიციური გეგმა, რომელსაც ქვეყანა 2030 წლისთვის აუცილებლად მიაღწევს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის განვითარების 10-წლიანი გეგმის წარდგენისას, მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განვითარების ხედვის მიმართულებებზე დეტალურად ისაუბრა.

რეგიონებში განსახორციელებელი სარწყავი ინფრასტრუქტურის მშენებლობა/რეაბილიტაცია/მოდერნიზაციის 10-წლიანი პროგრამით, 2030 წლის ბოლოს წყლით უზრუნველყოფილი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი 227 000 ჰექტარზე მეტი, ხოლო დამშრალი ფართობი – 74 000 ჰექტარზე მეტი იქნება.
„ძირითადი მიმართულება სოფლის მეურნეობის განვითარების, ეს არის საჯარო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. ესეც არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა. ამ კუთხით განსაკუთრებული შედეგები აქვს ,,ქართული ოცნების,, ხელისუფლებას.
ფაქტობრივად, მიტოვებულ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე შეუძლებელი იყო სოფლის მეურნეობის განვითარება, მით უმეტეს, თანამედროვე, ორგანიზებული სოფლის მეურნეობის განვითარება, პროდუქტიულობაზე საუბარი და ჩვენ, ინფრასტრუქტურის განვითარებაში ინვესტიციებით, სიტუაცია შევცვალეთ. 2012 წლიდან 2021 წლამდე გასარწყავიანებული ფართობები მნიშვნელოვნად გაიზარდა. საქართველოს გეოგრაფიული მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, დასავლეთ საქართველოში ჭარბტენიანობის პრობლემის გადასაწყვეტად, დრენაჟი აუცილებელია. აქ კიდევ უფრო ამბიციური იქნება ჩვენი მუშაობა; მეტი ყურადღება იქნება სახელმწიფოს მხრიდან გამახვილებული და დრენირებული და წყლით უზრუნველყოფილი ფართობი, ჯამურად, 300 ათასი ჰექტარამდე გვექნება. ეს არის მაქსიმუმი, რასაც ჩვენი ქვეყნის გეოგრაფია და ტერიტორიები გვაძლევს, სადაც მაღალი ღირებულების პროდუქციის წარმოება უნდა შევძლოთ.
დიდი და მცირე კავკასიონი და მთიანი ტერიტორიების გამოკლებით, მცირე სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, სახნავი ტერიტორიები, რაც საქართველოს დაბლობშია მოქცეული მთლიანად უნდა იყოს მელიორირებული.
ეს არის ამბიციური გეგმა, რომელსაც ქვეყანა 2030 წლისთვის აუცილებლად მიაღწევს“, – განაცხადა დავითაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები