გივი მიქანაძე: დარწმუნებული ვარ, თამარ ჟვანიას გადაწყვეტილება ინდივიდუალურია და არანაირ კავშირში არ არის ოპოზიციის მოთხოვნებთან
“დარწმუნებული ვარ, თამარ ჟვანიას გადაწყვეტილება ინდივიდუალური გადაწყვეტილებაა და არანაირ კავშირში არ არის ოპოზიციის მოთხოვნებთან”,-ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გივი მიქანაძემ განაცხადა.
მისი თქმით, თამარ ჟვანია ოპოზიციის მხრიდან უსაფუძვლო კრიტიკისა და ზეწოლის ობიექტი იყო.
„დარწმუნებული ვარ, თამარ ჟვანიას გადაწყვეტილება ინდივიდუალური გადაწყვეტილებაა და არანაირ კავშირში არ არის ოპოზიციის მოთხოვნებთან. როგორც საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, შემიძლია ვთქვა, რომ ის მასალა და იმ მეთოდოლოგიით განხორციელებული საქმიანობა, რომელსაც თვე-ნახევრის განმავლობაში კომისია ახორციელებდა, ცხადყოფს, რომ საპარლამენტო არჩევნებზე ადგილი არ ჰქონია უხეშ დარღვევებს, რასაც შეეძლო, გავლენა მოეხდინა საბოლოო შედეგებზე. არა მარტო ჩვენ, არამედ საერთაშორისო პარტნიორებიც აღიარებენ, რომ საარჩევნო პროცესი წარიმართა კონკურენტუნარიან გარემოში და ძირითადი თავისუფლებები უზრუნველყოფილი იყო. ამიტომ, აქ შეგვიძლია თქმა მხოლოდ მის ინდივიდუალურ გადაწყვეტილებაზე. თამარ ჟვანია ამ პერიოდის განმავლობაში იყო მართლაც უსამართლო და უსაფუძვლო კრიტიკის, შეტევისა და ერთგვარი ზეწოლის ობიექტი”, – განაცხადა მიქანაძემ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ თანამდებობა დატოვა.