პროგრამის „ეკოლიდერთა სკოლა“ 2021 წლის სასწავლო კურსი დასრულდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ შემუშავებული პროგრამის „ეკოლიდერთა სკოლა“ 2021 წლის სასწავლო კურსი დასრულდა.

ონლაინ სემინარებისა და შემეცნებითი ტურების შემდეგ, მოსწავლეებს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა, თამარ ალადაშვილმა სერტიფიკატები გადასცა, – ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, „ეკოლიდერთა სკოლაში“ ვებინარები ორი თვის განმავლობაში გრძელდებოდა. მოსწავლეებს ლექციებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, მოწვეული ექსპერტები უკითხავდნენ.
პროექტის ფარგლებში, 12 ვებინარი ჩატარდა. ლექციები მოიცავდა ისეთ თემებს, როგორიცაა ადამიანის ეკოლოგიური უფლებები, ნარჩენების მართვის პოლიტიკა, დაცული ტერიტორიებისა და ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობა და დაცვის მექანიზმები, კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი საფრთხეების რისკების შემცირება, გარემოსდაცვითი განათლებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის როლი გარემოს დაცვაში.
სასწავლო კურსის შემაჯამებელი კვირეულის ფარგლებში, შემეცნებითი ტური ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე მოეწყო. ეკოლიდერთა სკოლა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ შემუშავებული სასწავლო პროგრამაა, რომლის მიზანიც ახალგაზრდა თაობისათვის გარემოსდაცვითი საკითხების სწავლება და ამ მიმართულებით მათი ცნობიერების ამაღლებაა. პროექტი მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდა.
მასში მონაწილეობა მეცხრედან მეთორმეტე კლასის ჩათვლით სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს. მონაწილეთა შერჩევა კონკურსის საფუძველზე მოხდა. გარემოსდაცვითი საკითხებით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ შემუშავებული სასწავლო პროგრამა „ეკოლიდერთა სკოლა” ყოველწლიურად ჩატარდება, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები