ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დღეს გაიმართება

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი, 53-ე რაუნდი დღეს გაიმართება. ჟენევაში უკვე გაიმართა ტექნიკური შეხვედრა.

სამუშაო ჯგუფში შეხვედრისას მთავარი განსახილველი საკითხი უკანონო პატიმრობაში მყოფი მოქალაქეები, გადაადგილების თავისუფლება, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი სოციალური გარემო და ადამიანების ის მდგომარეობა იქნება, რაშიც გალისა და ახალგორის მცხოვრებლები ცხოვრობენ. ამასთან, შეხვედრაზე ქართული მხარე დევნილთა დაბრუნების საკითხსაც დააყენებს.

ქართული დელეგაციის განცხადებით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში პროგრესის მიღწევა დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე, როგორიცაა: ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა, ძალის არგამოყენება. მათივე თქმით, ძალისხმევას არ დაიშურებენ, რათა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგ რაუნდებზე შესაძლებელი გახდეს რუსეთის ოკუპაციიდან მომდინარე უსაფრთხოების გამოწვევებისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის პრობლემების გადაჭრის გზების მოძიება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები