შალვა ნათელაშვილი: გრძელდება “ლეიბორისტული პარტიის” აკრძალვის პროცესი
“ჩვენ წაგვერთვა საარჩევნო კომისიებში წევრთა დანიშვნის მოპოვებული უფლება”, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილის განაცხადა.
ნათელაშვილის თქმით, მისი პარტიის აკრძალვის პროცესი გრძელდება.
„გრძელდება „ლეიბორისტული პარტიის“ აკრძალვის პროცესი. ივანიშვილის უმრავლესობამ და მათთან მიყიდულმა ოპოზიციურმა ჯგუფებმა წუხელ მესამე მოსმენით მიიღეს კანონი, რითაც ჩვენ წაგვერთვა საარჩევნო კომისიებში წევრთა დანიშვნის მოპოვებული უფლება. 1933 წლის ივლისის ჰიტლერისეული კანონის შემდეგ, ეს ნაცისტური სამართლის პირველი გამეორებაა საქართველოსა და ჩვენი პოლიტიკური სისტემის წინააღმდეგ. ამ ფონზე ველოდით, რომ აშშ-ის ელჩი გააკეთებდა საპროტესტო განცხადებას, მაგრამ ჩვენ მოვისმინეთ მისი განცხადება, რომ აქ არაფერი ისეთი არ მომხდარა.
ამის გამო მე იძულებული ვარ, განვაცხადო, 2020 წლის ნოემბერ-დეკემბერში აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში მოლაპარაკებების დროს შეთანხმდა საკითხი, რომ „ლეიბორისტულ პარტიას“ 3 700 საარჩევნო კომისიაში ეყოლებოდა წევრები. ამ შეხვედრას ესწრებოდა ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელიც და ქვეყნის ყველა პოლიტიკური ლიდერი, მათ შორის, ხელისუფლებიდან კობახიძე და თალაკვაძე. აღებული ვალდებულება, რომელიც გადაწყდა და, რომლის შესრულებაზე პაუხისმგებელი იყვნენ ფასილიტატორი ელჩები, დაირღვა, ხოლო მოდერატორებიდან, გარანტორებიდან წამოვიდა ასეთი უპასუხისმგებლო განცხადება, რასაც ვფიქრობ, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი გაასწორებს და მისცემს კორექტირებას. ჩვენთვის მოულოდნელი და ამაზრზენია, რომ სტრატეგიული მოკავშირის ელჩი მხარს უჭერს პუტინის მეფისნაცვალ ოლიგარქს საქართველოში“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.