პოლიციელების თავდასხმის საქმეზე დაკავებულ 13 პირს პატიმრობა შეეფარდა
სასამართლომ ურეკში პოლიციელებზე თავდასხმის საქმეზე დაკავებულ 13 პირს პატიმრობა შეუფარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე, დაბა ურეკში 13 პირი დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 24 ივნისს, ოზურგეთის რაიონული სამმართველოს ურეკის პოლიციის განყოფილების თანამშრომლებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე -173-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის დაბა ურეკში 1988 წელს დაბადებული შ.ლ. დააკავეს და პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში გადაიყვანეს.
მოგვიანებით, პოლიციის შენობასთან დაკავებულის ნაცნობები შეიკრიბნენ, პოლიციის თანამშრომლებს თავს დაესხნენ და სიტყვიერი, ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირები ბრალდებულის სახით დააკავეს.