“პრემიერის მოხსენებაში მომდევნო 10 წლის პრიორიტეტებში ეკონომიკის ნაწილში სავსებით სამართლიანად, აქცენტები ადგილობრივი წარმოების სტიმულირებაზეა გაკეთებული”

“პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ მოხსენებაში, რომლითაც ის პარლამენტში წარსდგა, მომდევნო 10 წლის პრიორიტეტებში ეკონომიკის ნაწილში, სავსებით სამართლიანად, აქცენტები ადგილობრივი წარმოების სტიმულირებაზეა გაკეთებული. გლობალური პანდემიის ეკონომიკაზე ნეგატიურმა ზეგავლენებმაც, აჩვენა, რომ ჩვენ გვჭირდება გაცილებით თვითკმარი და ექსპორტზე ორიენტირებული ეკონომიკა, სადაც პრიორიტეტი კონკურენტულ ადგილობრივ წარმოების განვითარებაზე უნდა აიგოს,” – ასე შეაფასა ეკონომიკის ექსპერტმა გიორგი ცუცქირიძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლა პარლამენტში.

გიორგი ცუცქირიძის განცხადებით, ქვეყნის განვითარების ათწლიანი ორიენტირები იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ ქვეყანას სჭირდება გრძელვადიანი სტრატეგია, რომელიც იქნება არა რომელიმე პარტიის კუთვნილება, არამედ ქვეყნის მომავლის ხედვის ორიენტირი.

„გრძელვადინი სტრატეგია საინვესტიციო მიმზიდველობითაც არის საინტერესო, რადგან სტრატეგიული ინვესტორები გათვლებს არა რამდენიმე წელზე, არამე 10-15 წელზე აკეთებენ, ხოლო ადგილობრივი ბიზნესის მხრიდან რეინვესტირების გადაწყვეტილებაც, დიდწილად სწორედ გრძელვადიან პერსპექტივაში მიიღება. გრძელვადიანი ხედვა და პოზიტიური მოლოდინები სჭირდებათ ადამიანებსაც, მათ უნდა იცოდენ თუ საით წავა ქვეყანა, რა პერსპექტივა ექნებათ აქ მომავალში, რაც მნიშვნელოვანია როგორც კვალიფიციური სამუშაო ძალის ფორმირების, ისე დემოგრაფიული თვალსაზრისითაც,“ – აღნიშნა ექსპერტმა.

გიორგი ცუცქირიძის შეფასებით, „მთავრობის ათწლიანი პროგრამის დაწყებული კრიტიკა და ლამის “გოელროს გეგმასთან” შედარებაც, რასაც ოპოზიცია და ცალკეული ექსპერტები მიმართავენ, არასერიოზულიც არის და დემაგოგიურიც, თითქოსდა ეს არის ოცნების წინასაარჩევნო პროგრამა, გათვლილი მოკლევადიან ეფექტებზე მხოლოდ. ამას მოწმობს საპარლამენტო მოხსენების შემდეგ, ოპოდეპუტატთა მიერ დასმული კითხვების დიდი ნაწილიც, რაც მთლიანად იყო აცდენილი მოხსენების ძირითად აქცენტებს და ოპონირებაც არა მომავალზე, არამედ მათთვის ასე დამახასიათებელ ვიწროპარტიკულარულ კინკლაობაში გადაიყვანეს.“

ექსპერტის თქმით, განსაკუთრებით მეორე კვარტალში ეკონომიკის სწრაფი აღდგენა, რაც ზრდის და ექსპორტის სარეკორდო მაჩვენებელში აისახა და პანდემიამდე მაჩვენებელსაც აღემატება, ეკონომიკის წლიური ზრდის ოპტიმისტურ სცენარს რეალურს ხდის.

,,თავის მხრივ, გაუმჯობესებული საგადამხდელო ბალანსი, ზრდის ორნიშნა მაჩვენებელთან ერთად, რაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი იქნება, ლარის გამყარებას და ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელზე გასვლას უკვე შეუქცევად გახდის. „ეკონომიკის ზრდაზე ცალსახად პოზიტიურად აისახება ვაქცინაციის პროცესის დაჩქარება და წლის ბოლომდე 3.6 მილიონი ვაქცინის შემოსვლა. ნიშანდობლივია, რომ აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტმა 942 მლნ დოლარს გადააჭარბა, რაც 84.5%-ით აღემატება 2012 წლის მაჩვენებლებს, ხოლო 2030-ში მარტო აგროსასურსათო ექსპორტი 3 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს. დაბალპროცენტიანი ბიზნეს სესხი ხელმისაწვდომი გახდება თითქმის ყველა დარგის ბიზნესისათვის. ამასთან, არა მხოლოდ საპროცენტო განაკვეთის დავაფინანსება მოხდება, არამედ სესხის თანაგარანტირებაც. ძალზე მნიშვნელოვანია, ახალი პროგრამის დაწყებაც ოჯახებისთვის საცხოვრებელი ბინების შეძენის ხელშეწყობის მიზნით. მრავალშვილიან ოჯახებს, ასევე ოჯახებს რომელთაც შეეძინებათ შვილი, საშუალება ექნებათ ისარგებლონ იპოთეკური სესხის სუბსიდირებით და ამით შეიქმნან/გაიუმჯობესონ საცხოვრებელი პირობები.

2024 წელს ევროკავშირში წევრობაზე განაცხადის შეტანა და ევროკავშირთან საკანონმდებლო ჰარმონიზაცია, ასევე აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის, მათ შორის სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის განმტკიცება აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმება უზრუნველყოფს მსხვილი ევროპული და ამერიკული ინვესტიციების მოზიდვას, რაც მდგრადი ზრდის ხელშემწყობი პირობა გახდება. მნიშვნელოვნად გაიზრდება ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი, რაც თითოეული ჩვენი მოქალაქის კეთილდღეობაზე დადებითად აისახება. მშპ ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით, არსებული 4277 დოლარის ნაცვლად, 2030 წლისთვის მინიმუმ 2.3 ჯერ გაიზრდება და 10,000 დოლარს გადააჭარბებს, რითაც საშუალო ევროპულ მაჩვენებელს მიუახლოვდება,“ – განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები