კარლ ჰარცელი – ზაზა გახელაძეზე: ვცდილობთ, გამოვიყენოთ ყველა ჰუმანიტარული ინსტრუმენტი, რომელიც არსებობს ამ სიტუაციის გადასაწყვეტად
“ვცდილობთ, გამოვიყენოთ ყველა ჰუმანიტარული ინსტრუმენტი, რომელიც არსებობს ამ სიტუაციის გადასაწყვეტად”, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ზაზა გახელაძის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით პროგრესი იყოს.
„დიდი ყურადღებით ვაკვირდებით განვითარებულ მოვლენებს და ვცდილობთ, გამოვიყენოთ ყველა ჰუმანიტარული ინსტრუმენტი, რომელიც არსებობს ამ სიტუაციის გადასაწყვეტად – ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი, ცხელი სატელეფონო ხაზი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით პროგრესი იყოს”, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 2020 წლის 11 ივლისს, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცეცხლსასროლი იარაღით ფეხში დაჭრეს და დააკავეს. რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. საოკუპაციო ძალების მიერ გასული წლის ზაფხულში დაკავებულ გახელაძეს დე ფაქტო ხელისუფლებამ ბრალი წაუყენა რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით – “სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა” და “სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა”.