სენატორმა რონ ჯონსონმა აშშ-ის სენატში დააინიცირა რეზოლუცია, რომელიც საქართველოში ყველა პარტიას მოუწოდებს, შარლ მიშელის შუამავლობით 19 აპრილს გაფორმებული შეთანხმება სწრაფად შეასრულონ. რეზოლუცია კონგრესის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
მას მხარს უჭერენ სენატორები ჯინ შაჰინი, ჯეიმს რიში, კრის ვან ჰოლენი და ჯონ ბარასო.
,,1. მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და პარლამენტში არჩეულ სხვა პარტიებს სრულად შეასრულონ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ წარმოდგენლი კომპრომისი.
2. მოვუწოდებთ ყველა არჩეულ პარლამენტარს დაიკავონ ადგილი პარლამენტში და დაიწყონ მუშაობა დაყოვნების გარეშე იმ გამოწვევებზე, რომლებიც საქართველოს წინაშე დგას, მათ შორის „კოვიდ-19“-ის პანდემიის შედეგები, დასუსტებული ეკონომიკა და გამოწვევებით აღსავსე რეგიონული დინამიკა.
3. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას გაატაროს სისტემური რეფორმები, რომლებიც ყველა მხარესთან ინკლუზიური და გამჭვირვალე საკონსულტაციო პროცესის ფარგლებში იყო შემუშავებული, რათა უზრუნველყოს მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, რომელიც არ მოემსახურება პოლიტიკურ და პარტიულ მიზნებს, მათ შორის ვენეციის კომისიისა და სხვა ექსპერტების მიერ შემუშავებული რეკომენდაციების მიღებითა და ამოქმედების გზით.
4. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას გაატაროს ინკლუზიურად და გამჭვირვალედ შემუშავებული სისტემური საარჩევნო რეფორმები, რაც გადაჭრის პოლიტიკური ჩიხის მიზეზებს და თავიდან იქნება აცილებული ასეთი კრიზისის ხელახლა წარმოშობა, მათ შორის ეუთო-სა და ოდირის რეკომენდაციების სრულად მიღებისა და ამოქმედების გზით.
5. ვაღიარებთ, რომ პოლიტიკური სიტუაცია საქართველოში გამწვავდა რუსეთის ფედერაციის ძალისხმევით, რომელიც მიმართული იყო ქაოსის გავრცელებისკენ საქართველოში, მათ შორის უკანონოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.
6. გამოვხატავთ შეშფოთებას, რომ დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების განმტკიცების გზაზე არსებული დაბრკოლებები შეაფერხებს საქართველოს პროგრესს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მისწრაფების მიღწევასა და ეკონომიკის გაძლიერებაში, რასაც შესაძლოა, მოჰყვეს საქართველოსთვის განკუთვნილ დახმარებაზე გარკვეული პირობების დაწესება.
7. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ აშშ მხარს უჭერს უფრო მტკიცე დემოკრატიას საქართველოში, სადაც მმართველი ინსტიტუტები აჩვენებენ მდგრადობას, დაცულია ანგარიშვალდებულება და ბალანსი, გამჭვირვალობა, აქვთ შესაძლებლობა წინააღმდეგობა გაუწიონ რუსეთისა და სხვა მავნე ზეგავლენას და შეუძლიათ ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფების მიღწევა,”- ნათქვამია რეზოლუციის პროექტში.