საგამოძიებო სამსახურმა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტი გამოავლინა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქვემო ქართლის რეგიონში რეგისტრირებული ერთ-ერთი საწარმოს კუთვნილი, დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული საწარმოსთვის საბუღალტრო-აუდიტორული მომსახურების გაწევისას, სისტემატიურად ახორციელებდა საწარმოს ანგარიშიდან თანხის გადარიცხვას მისივე და მასთან დაკავშირებული პირების საბანკო ანგარიშებზე, რის შედეგადაც, 2014-2020 წლების პერიოდში მიითვისა საწარმოს კუთვნილი 3 000 000 ლარზე მეტი თანხა.
“გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 11 წლამდე ვადით.
გრძელდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ბრალდებულთან შესაძლო დანაშაულებრივ კავშირში მყოფი სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.