მამუკა მდინარაძე: პოლარიზაცია არ არის „ქართული ოცნების“ ინტერესი
„თუ ვინმე იტყვის იმას, რომ პოლარიზაციის მთავარი წყარო ხელისუფლებაა, ჩვენ გვინდა, ეს ნარატივი გავაქროთ“, – ასე განმარტავს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე „მთავარი არხზე“ ხელისუფლების წარმომადგენელთა სტუმრობის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას.
როგორც მამუკა მდინარაძემ „მთავარი არხის“ თოქშოუში „ინტერვიუ ხელისუფლებასთან“ განაცხადა, პოლარიზაცია არ არის „ქართული ოცნების“ დღის წესრიგი და ინტერესი.
„თუ ოპოზიციის მხრიდან, ვინც უნდა იყოს, იქნება კონსტრუქციული, საქმიანი საუბარი და საზოგადოების საჭიროებებზე მორგებული ქმედებები, საუბარშიც და თუნდაც კანონშემოქმედებაში გამოხატული, ჩვენ პოლარიზაცია საერთოდ არაფერში გვჭირდება, არ არის ეს ჩვენი დღის წესრიგი და ინტერესი, მაგრამ ხშირად გვიწევს ფეიკ შეტევების მოგერიება და პოპულიზმის განეიტრალება. ამ დროს იქ, სადაც მედია სამწუხაროდ არ ინტერესდება, საქმეს ვაკეთებთ. ამიტომ საზოგადოებაში ხშირად ჩნდება განცდა, რომ ჩვენ დაკავებული ვართ მხოლოდ პოლიტიკური დებატებით და ურთიერთბრალდებებით, კინკლაობით, მაგრამ ამ დროს ჩვენ პარალელურად გვიწევს ძალიან ბევრი საქმის კეთება. თუ კამერების წინ დღეში ერთ საათს ვატარებთ, დანარჩენი დრო ბევრ საქმეს ეთმობა, რომელიც სამწუხაროდ, მედიის დღის წესრიგში არ ხვდება ხოლმე. თუ ჩვენ ამაში წვლილს შევიტანთ, რომ ეს პოლარიზაცია გაქრეს და ჩვენი ნაბიჯი იქნება გარკვეულწილად, მე პირადად და ჩვენი გუნდის ყველა წევრი მოხარული ვიქნებით,“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისი თქმით, „მთავარ არხს“ ჰყავს მაყურებელი, რომელიც შეიძლება არ უყურებდეს სხვა არხს.
„ჩვენი მიზანია, ჩვენი სათქმელი ამ აუდიტორიამდეც მივიტანოთ ისე, რომ არ აღმოჩნდეს, რომ ადამიანებს თუნდაც საარჩევნოდ, ან სხვა პერიოდში ინფორმირებული არჩევანის გაკეთება შეეზღუდოთ. ინფორმაციის ნაკლებობის გამო არავის უნდა შეეზღუდოს იმის საშუალება, რომ სწორად განსაზღვროს ვინ მოეწონოს, ვინ არა და გადაწყვიტოს მისი არჩევანი. ჩვენ გადავწყვიტეთ, ამ ადამიანებს ვესაუბროთ თქვენი ეთერიდან და მათაც ვუთხრათ ის სიმართლე, რაც ბევრ შემთხვევაში ამ გაბატონებული ფეიკ ნიუსების მიღმა სინამდვილეში იმალება,“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.