რობერტ სტურუა: ვაი-პატრიოტების გასაგონად ვამბობ, დიახ, მე მივდივარ ჩეხოვის რუსეთში, თუ უნდათ, გამიყვანონ თავისუფლების მოედანზე და დამხვრიტონ – ქართული თეატრები რუსეთში ჩუმ-ჩუმად დადიან
“სხვათა შორის, ქართული თეატრები რუსეთში ჩუმ-ჩუმად დადიან, ჩვენ კი ამას ღიად, ვირეშმაკობისა და აფერისტობების გარეშე ვაკეთებთ. დასამალი არაფერი გვაქვს – ჩეხოვის ფესტივალზე დაგვპატიჟეს და მივდივართ”, – ამის შესახებ რეჟისორი, რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რობერტ სტურუა გაზეთ “ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში ამბობს.
მისივე თქმით, ჩეხოვის სახელობის ფესტივალში მონაწილეობა მნიშვნელოვანი და საამაყოა.
“ჩეხოვის სახელობის საერთაშორისო ფესტივალზე მსოფლიოს სხვადასხვა თეატრთან ერთად ჩვენც მიგვიწვიეს და, რა თქმა უნდა, სიამოვნებით მივიღებთ მონაწილეობას. სხვათა შორის, ქართული თეატრები რუსეთში ჩუმ-ჩუმად დადიან, ჩვენ კი ამას ღიად, ვირეშმაკობისა და აფერისტობების გარეშე ვაკეთებთ.
მაგალითად, მარჯანიშვილის თეატრი სანქტ პეტერბურგსა და ვორონეჟში იმყოფებოდა, სხვა თეატრებიც დადიან რუსეთში, ქართველი მომღერლები ჩადიან და კონცერტებს მართავენ, მაგრამ ამას არ ამხელენ. ჩვენ კი დასამალი არაფერი გვაქვს – ჩეხოვის ფესტივალზე დაგვპატიჟეს და მივდივართ. სხვათა შორის, თემურ ჩხეიძე 10 წლის განმავლობაში რუსეთში ტოვსტონოგოვის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო.
ჩეხოვის სახელობის ფესტივალში მონაწილეობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საამაყოა. სააკაშვილის მიმდევრებისთვის მხოლოდ პუტინის რუსეთი არსებობს, ჩვენთვის კი არსებობს ჩეხოვისა და დოსტოევსკის რუსეთი და საერთოდ არ მანაღვლებს, რას იტყვის, მაგალითად, მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ელენე ხოშტარია, რომელსაც ვაფრთხილებ – თუ ჩვენზე ბევრს ილაპარაკებს, გამოვალ და ვიტყვი, რომ იგი კაგებე-ს ლეიტენანტია.
მოკლედ, ქართველი ვაი-პატრიოტების გასაგონად ვამბობ: დიახ, მე მივდივარ ჩეხოვის რუსეთში, თუ უნდათ, გამიყვანონ თავისუფლების მოედანზე და დამხვრიტონ”, – განაცხადა სტურუამ.