სასამართლო, მცირეწლოვნის მიმართ წამების საქმეზე, ბავშვის დედისა და მამინაცვლის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე მსჯელობს

თბილისის საქალაქო სასამართლო, 7 წლის ბავშვის მიმართ წამების საქმეზე, მცირეწლოვნის დედისა და მამინაცვლის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე მსჯელობს.

ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატის, მუხრან ღურწკაიას თქმით, ბრალი დაუსაბუთებელია.

“ბრალი დაუსაბუთებელია. რეალურად საქმე არის შეთითხნილი, იმიტომ, რომ წამების საქმის დამადასტურებელი არც ერთი მტკიცებულება ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია, მათ შორის ბავშვის ჩვენება. ბავშვს ჩვენება მიცემული აქვს ჩამოყალიბებულად სამართლებრივად. მას დააწერინეს ჩვენება და მოაწერინეს ალბათ ხელი. როგორც ბრალდების მხარე ამბობს, ფოტომასალები დაახლოებით ერთი წლის უკანდელია. ამ ფოტოებიდან გამომდინარე არ შეიძლება ადამიანს წაუყენო წამება”, – განაცხადა მუხრან ღურწკაიამ.

ცნობისთვის, არასრულწლოვნის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ წამების ფაქტზე, არასრულწლოვნის მამინაცვალი – 1993 წელს დაბადებული ა.ს. და დედა – ამავე წელს დაბადებული მ.დ. თბილისში დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ მ.დ. და მისი მეუღლე – ა.ს. არასრულწლოვანს – 2014 წელს დაბადებულ ვ.დ.-ს დასჯის მიზნით აწამებდნენ, რომელიც თავისი ხასიათით, ინტენსივობითა და ხანგრძლივობით იწვევს ძლიერ ფიზიკურ ტკივილს. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ა.ს. და მ.დ. ბრალდებულების სახით, თბილისში დააკავეს. გამოძიების ფარგლებში, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები და ტარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. არასრულწლოვანი, თავის მცირეწლოვან ძმასთან ერთად, სოციალური მუშაკის მიერ გადაყვანილია უსაფრთხო ადგილას. საქმეზე გამოძიება არასრულწლოვნის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ წამების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-144 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. დანაშაული 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები