„კვირა“ „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებული პირების მიმართ მიმდინარე გამოძიებით დაინტერესდა
საინფორმაციო სააგენტო „კვირა“ 2021 წლის 29 მაისს, „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებული პირების მიმართ მიმდინარე გამოძიებით დაინტერესდა.
პროკურატურის ინფორმაციით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათის დასახლებაში, „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველების მიმართ განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე დაკავებულები არიან ი.მ. და დ.ხ, რომლებსაც ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ და სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვთ პატიმრობა.
„გამოძიებით დადგენილია, რომ 2021 წლის 29 მაისს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათის დასახლებაში, „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მყოფი ი.მ., სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მიმართ გამოხატავდა აგრესიას, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მათ და აქციაზე მყოფ პირებთან ერთად პოლიციის რიგების გარღვევას ცდილობდა, რა დროსაც პოლიციის თანამშრომელს ლ.მ.-ს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ფიზიკურად გაუსწორდა. ამავე აქციაზე მყოფმა დ.ხ.-მ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და თავს დაესხა პოლიციის თანამშრომელს გ.კ.-ს.“ -განუცხადეს „კვირას“ გენერალურ პროკურატურაში.
როგორც უწყებაში განმარტავენ, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.