გია ვოლსკი: ყველამ ჭკუას ცოტა ძალა დაატანოს და ქვეყანაზე ვიფიქროთ, ყოველგვარ დაპირისპირებას მოვერიდოთ, ეს იქნება პრაიდის თუ ანტიპრაიდის მხრიდან
“ყველამ ჭკუას ცოტა ძალა დაატანოს და ქვეყანაზე ვიფიქროთ, ყოველგვარ დაპირისპირებას მოვერიდოთ, ეს იქნება პრაიდის თუ ანტიპრაიდის მხრიდან”, – ასე ეხმაურება პარლამენტის ვიცესპიკერი, გია ვოლსკი “ერთობა, რაობა, იმედის” დამფუძნებლის, ლევან ვასაძის განცხადებას.
ვოლსკის თქმით, კანონის წინაშე ყველა თანასწორია.
“ყველამ ჭკუას ცოტა ძალა დაატანოს და ქვეყანაზე ვიფიქროთ, ყოველგვარ დაპირისპირებას მოვერიდოთ, ეს იქნება პრაიდის თუ ანტიპრაიდის მხრიდან. ამის პოპულარიზაციის, რეკლამირების წინააღმდეგი ვარ, მაგრამ კანონის წინაშე ყველა თანასწორი ვართ არა მხოლოდ კანონის, არამედ უფლის, ერთმანეთის წინაშე. ერთმანეთს შეგვიძლია ქმედება და განცხადებები დავუწუნოთ, მაგრამ ვერ გააუქმებ იმას, რასაც ჰქვია კანონის წინაშე ყველას ვალდებულება, რომ სახელმწიფომ კანონი დაიცვას და ნებისმიერი მოქალაქე დაიცვას განსხვავებულობის მიუხედავად. ხელისუფლებას საკმაო რესურსი აქვს, რომ ყოველგვარი არეულობა თავიდან აიცილოს. ბალანსია საჭირო და სიწყნარე, რათა გადავრჩეთ საკმაოდ რთული გამოწვევების ცენტრში მყოფი პატარა ქვეყანა სუსტი ეკონომიკით და ბევრი გამოწვევით გინდათ აგრესორის მხრიდან, გინდ რეგიონში არსებული პროცესების შემხედვარე და გინდ მსოფლიო დაპირისპირების ხარისხიდან გამომდინარე”, – განაცხადა ვოლსკიმ.
მოძრაობის „ერთობა, რაობა, იმედის“ დამფუძნებელი, ლევან ვასაძე ხელისუფლებას მოუწოდებს, მიიღონ „გარყვნილების პროპაგანდის აკრძალვის შესახებ“ კანონი და გააუქმონ დაანონსებული პრაიდი.