ეკატერინე ტიკარაძე – ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონზე: ყველა მხარე დაინტერესებულია, რომ დაცული იყოს ბავშვთა ინტერესები და უფლებები
“ყველა მხარე დაინტერესებულია, რომ დაცული იყოს ბავშვთა საუკეთესო ინტერესები და უფლებები”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, საპატრიარქოსთან ერთად გაგრძელდება მუშაობა, რათა მოხდეს ბავშვების შესაბამის პირობებში გადაყვანა.
„რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, ბავშვების საუკეთესო ინტერესები იყოს დაცული. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, საზოგადოებისა და ყველას მხრიდან შენარჩუნებული იყოს სიმშვიდე, სოციალურ მუშაკებსა და ფსიქოლოგებს მიეცეთ ბავშვებთან მშვიდად მუშაობის საშუალება. მნიშვნელოვანია ყველა ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა ზრუნვის სააგენტოს, იუნისეფ-ის, „ვორლდ ვიჟენისა“ და საპატრიარქოს აქტიური ჩართულობით.
ყველა მხარე დაინტერესებულია, რომ დაცული იყოს ბავშვთა საუკეთესო ინტერესები და ბავშვთა უფლებები. მიმდინარეობს დამატებით კიდევ გაცნობა ყველა იმ საჭიროებაზე, რაც ნინოწმინდაშია.
ჩვენ საპატრიარქოსთან ერთად გავაგრძელებთ მუშაობას, რომ მოხდეს ბავშვების შესაბამის პირობებში გადაყვანა, რაც მცირე საოჯახო ტიპის საცხოვრისებს გულისხმობს, რაზეც არაერთი შეხვედრა გაიმართა“, – განაცხადა ტიკარაძემ.