პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ყაჩაღობასა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაში ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არაერთგზის ჩადენილი ყაჩაღობისთვის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვისთვის ბრალდებული ლ.ც. დამნაშავედ ცნო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2020 წლის 11 ოქტომბერს, თბილისში, ყაჩაღობისთვის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის ნასამართლევი ლ.ც. თავს დაესხა ბ.მ.-ს, რა დროსაც სიცოცხლისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით და იარაღის დემონსტრირებით დაზარალებულის 2500 ლარის ღირებულების მოპედს დაეუფლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ლ.ც.-ს მიერ ჩადენილი დანაშაულის შემდეგ, გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა 12 ოქტომბერს, ერთ-ერთი სარდაფიდან ლ.ც.-ს მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული სხვადასხვა ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნები ამოიღეს. ლ.ც. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ჩადენილი არაერთგზის), 236-ე მუხლის პირველი ნაწილით და მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა, ჩადენილი არაერთგზის) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ლ.ც. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები