ირაკლი კობახიძე – ნინოწმინდის პანსიონზე: ეს თემა უნდა დარჩეს აქტუალური, ვიდრე ბოლომდე არ გაირკვევა, რომ ყველა ბავშვი არის უსაფრთხოდ
“ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სახალხო დამცველი უნდა შესულიყო და შევიდეს, ეს არის მისი კონსტიტუციური და სამართლებრივი პრეროგატივა. ეს თემა უნდა დარჩეს აქტუალური ვიდრე ბოლომდე არ გაირკვევა, რომ ყველა ბავშვი არის უსაფრთხოდ,“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის“ ეთერში ნინოწმინდის პანსიონში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სახალხო დამცველი უნდა შევიდეს, ეს არის მისი კონსტიტუციური და სამართლებრივი პრეროგატივა.
რაც შეეხება იმას, სახალხო დამცველის არშეშვება იძლევა თუ არა იქ სპეცოპერაციის ჩატარების ან პანსიონის დახურვის საფუძველს, კობახიძის თქმით, არ იძლევა სამართლებრივად.
მისივე თქმით, ნიკა მელიას შემთხვევაში სხვა ვითარება იყო.
„მას ჰქონდა ჩადენილი კონკრეტული სავარაუდო დანაშაული, არ გადაიხადა გირაო, გამოიწვია სახელმწიფო და კანონი იყო აღასასრულებელი პირდაპირი ფორმით. ანუ, სხვადასხვა სამართლებრივი მოცემულობა იყო. ფაქტთან დაკავშირებით საქმე აღძრულია. ამ ეტაპზე არ არსებობს არავითარი მტკიცებულება დანაშაულთან დაკავშირებით. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ყურადღება უნდა მოვადუნოთ. შეიძლება რამე შემეშალოს, მაგრამ როგორც ვიცი სახალხო დამცველი არ შეშვება არ ნიშნავს სისხლის სამართლის დანაშაულს. ის, რომ საპატრიარქოს არ უნდა დაუპირისპირდეს ხელისუფლება ეს არის ძალიან მარტივი რამ. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ეს თემა არის ძალიან დიდი ყურადღების ქვეშ. ჩვენი დეპუტატები იყვნენ ჩასული და დარჩნენ. მადლობა ეკუთვნის მედიის ყველა წარმომადგენელს, რომელმაც ამაზე აქტიურად საუბარი დაიწყო, იმიტომ რომ თუ ოდნავი ეჭვიც კი არსებობს ბავშვებთან დაკავშირებით, ბავშვებს როცა ეხება საქმე, ბუნებრივია ეს ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებული ყურადღება და ჩარევაც არის მნიშვნელოვანი. გუშინაც გაიმართა, დღესაც თუ არ ვცდები, მათ შორის საპატრიარქოში შეხვედრები. ეს თემა უნდა დარჩეს აქტუალური ვიდრე ბოლომდე არ გაირკვევა, რომ ყველა ბავშვი არის უსაფრთხოდ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ სახალხო დამცველის შესვლა ნებისმიერ ასეთ დაწესებულებაში როდესაც ეს ინტერესი არსებობს არის კონსტიტუციის და კანონის მოთხოვნა და ამის აღსრულება მნიშვნელოვანია. ჩვენ გვქონდა მასთანაც კონსულტაციები, ყველასთან კონსულტაციები და ამის აღსრულება ალბათ შესაძლებელია და გვექნება ბუნებრივია ამასთან დაკავშირებით საუბარი“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.