„საქართველომ კავკასიაში შუამავლის მთავარი როლი დაიბრუნა“ – ლევან ნიკოლეიშვილი ღარიბაშვილის მედიაციით მიღწეულ შეთანხმებაზე

საქართველომ კავკასიაში სამშვიდობო და შუამავლის მთავარი როლი დაიბრუნა, – ასე ეხმაურება უსაფრთხოებისა და სამხედრო საკითხების ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი საქართველოს პრემიერის მედიაციით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეულ შეთანხმებას, რის შედეგადაც კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გათავისუფლდა.

მიღწეულ შეთანხმებას ნიკოლეიშვილი მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოეხმაურა.

„ტყვეების საკითხი ნებისმიერი კონფლიქტის თანმდევია. საომარი მოქმედებები როცა მიმდიანრეობს ერთია და მეორეა, როცა ის დასრულდება და გარკვეულ ადამიანთა რაოდენობა, სამხედროებიც და ხანდახან, სამწუხაროდ, სამოქალაქო პირებიც მოწინააღმდეგის ხელში აღმოჩნდებიან ხოლმე. სომეხი სამხედრო ტყვეები აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გარკვეული ხნის განმავლობაში იმყოფებოდნენ. წამით წარმოვიდგინოთ ამ ადამიანების ოჯახების მდგომარეობა, როდესაც მათი ოჯახის წევრები სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე დატყვევებულები არიან და მათი ბედ-იღბალი გაურკვეველია. ამ ყველაფერს მათი ძალიან მძიმე მორალური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ემატება და რა თქმა უნდა, მათი გათავისუფლება ძალინ მნიშვნელოვანი იყო. ასევე ამ შეთანხმებით აზერბაიჯანის მხარეს ერთერთი რაიონის დანაღმული ველის რუკა გადაეცა, რაც ძალიან სერიოზული მომენტია.

კარგია, რომ ეს ყველაფერი დასრულდა. ამ ყველაფრის სულისჩამდგმელი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი იყო. მისასალმებელია ღარიბაშვილის მიერ ჩატარებული შუამავლობის პროცესი, რომელსაც აშშ-მ დაუჭირა მხარი. მთელი პროდასავლური სამყარო აღიარებს იმას, რომ საქართველოს და ღარიბაშვილის როლი ძალიან დიდი იყო. საქართველომ დაიბრუნა მშვიდობისა და შუამავლის მთავარი როლი კავკასიაში. გახსოვთ, ამას წინათ თურქეთის პრეზიდენტმა, ერდოღანმა, როგორ უწოდა საქართველოს რეგიონული სტაბილურობის გასაღები. ეს ძალიან კარგი და მისასალმებელია.

მას შემდეგ რაც ღარიბაშვილი პრემიერის თანამდებობაზე დაინიშნა, ის ვიზიტით იმყოფებოდა რეგიონის სახელმწიფოებში, სომხეთში, აზერბაიჯანში, თურქეთში. თუ ამ ვიზიტებს შევაჯამებთ, შედეგი უკვე დღესაა თვალსაჩინო. ღარიბაშვილის ვიზიტმა და შემდგომ აღნიშნული შედეგის მიღებამ დაამტკიცა ის, რომ მას გააჩნია ავტორიტეტი და ორივე სახელმწიფოს ლიდერების მხრიდან პატივისცემას იმსახურებს. ფაქტია, რომ მისმა სიტყვამ, ავტორიტეტმა მართლაც დიდი როლი ითამაშა“- განაცხადა ლევან ნიკოლეიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აქტიური ფასილიტაციისა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის, ფილიპ რიკერის ჩართულობით, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა და საქართველოს ტერიტორიის გავლით, ისინი საკუთარ ოჯახებს დაუბრუნდნენ.

მათივე ცნობით, საქართველოს პრემიერმინისტრის აქტიური ჩართულობით, ასევე, შესაძლებელი გახდა სომხური მხარის მიერ აზერბაიჯანული მხარისთვის დანაღმული ტერიტორიების შესახებ მნიშვნელოვანი მასალების გადაცემა.
„საქართველოს პრემიერმინისტრი პირადად იმყოფებოდა მუდმივ კავშირზე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის მოქმედ პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების აქტიურობით და პროცესებში საქართველოს მნიშვნელოვანი მონაწილეობით, განსაკუთრებული ნაბიჯი გადაიდგა სამხრეთ კავკასიის რეგიონში უსაფრთხოების გარემოს გასაუმჯობესებლად. აღნიშნული ფაქტი მნიშვნელოვან იმპულსს მისცემს საქართველოს უშუალო მეზობლებს შორის დაძაბულობის შემდგომ შემცირებას“ – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები