ზურაბ ქადაგიძე: სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის შინაგან საქმეთა მინისტრობისა და პირველი პრემიერობის დროს მოხდა უპრეცედენტო ფაქტი და ცხინვალისა და სოხუმის ციხეებიდან, გამოყვანილ იქნა 14 გრძელვადიანი პატიმარი
ანალიტიკოსი, ზურაბ ქადაგიძე პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის შინაგან საქმეთა მინისტრობისა და პირველი პრემიერობის პერიოდს იხსენებს და ამბობს, რომ სწორედ მისი უპრეცედენტო ძალისხმევის შედეგი იყო ცხინვალისა და სოხუმის ციხეებიდან ისეთ პატიმრების განთავისუფლება, რომლებსაც უვადო თუ 20 წლამდე უკანონო პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი.
,,საზოგადოებას მინდა, შევახსენო, სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის შინაგან საქმეთა მინისტრობისა და პირველი პრემიერობის დროს რამდენი ადამიანი დაიხსნა ცხინვალისა და სოხუმის ციხეებიდან, ზოგ მათგანს 20 წლამდე უკანონო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი და ოჯახები თითქმის უიმედოდ იყვნენ. 2013 წლიდან დაიწყო მუშაობა მათი გათავისუფლების საკითხებზე, სადაც ჩართულნი იყვნენ როგორც სახელმწიფო უწყებები, ასევე, ამოქმედებული იყო ყველა ოფიციალური თუ არაოფიციალური არხი. მოხდა უპრეცედენტო ფაქტი და ცხინვალისა და სოხუმის ციხეებიდან გამოყვანილ იქნა 14 გრძელვადიანი პატიმარი”, – წერს სოციალურ ქსელში ზურაბ ქადაგიძე.