ნაუსედა – ბრიუსელში: ნატო-მ საქართველოსა და უკრაინისთვის მიცემული დაპირება უნდა შეასრულოს

“ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა საქართველოსა და უკრაინისთვის მიცემული დაპირება უნდა შეასრულოს, ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით”, – განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ბრიუსელში ნატო-ს შტაბ-ბინაში სამიტზე მონაწილეობის მისაღებად მისვლის დროს.

“უკრაინისა და საქართველოსთვის მიცემული დაპირებები უნდა შესრულდეს. შეგახსენებთ, რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ჩვენ დავპირდით წევრობის პერსპექტივას”, – თქვა მან.

მისივე თქმით, დღევანდელ სამიტზე უნდა განიხილებოდეს არა მხოლოდ რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეები, არამედ – ბელორუსის მხრიდანაც.

“სამიტი დროულად გაიმართება, რადგან ჩვენ ვხედავთ სხვადასხვა საფრთხეს. მე წარმოვადგენ ბალტიისპირეთის ერთ-ერთ ქვეყანას, რომელიც ხედავს სხვადასხვა საფრთხეს აღმოსავლეთიდან, რომელიც რუსეთიდან მომდინარეობს, ბოლო დროს კი – ბელორუსიდანაც. გვსურს კოლექტიური უსაფრთხოების განხილვა, რომლისთვისაც საჭიროა დიდი ფინანსური შესაძლებლობები, რასაც განვიხილავთ 2030 წლის სტრატეგიის ფარგლებში,” – თქვა ნაუსედამ.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ბელორუსის რეჟიმი რეალური საფრთხე ხდება.

”ჩვენ ვხედავთ რუსეთის მცდელობებს, შთანთქოს ეს ქვეყანა, პლაცდარმი შექმნას. ბელორუსი კარგავს დამოუკიდებლობის უკანასკნელ ნიშნებს და ნატო-სთვის ერთიანობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია”, – თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები