„ჩვენ კავკასიის რეგიონში პოზიციას ვიბრუნებთ, რუსეთს დიპლომატიური ალიყური გავაწანით“ – ვახტანგ მაისაია ღარიბაშვილის მედიაციით მიღწეულ შეთანხმებაზე

ჩვენ კავკასიის რეგიონში პოზიციას ვიბრუნებთ და ეს კარგია, – ასე ეხმაურება პოლიტოლოგი, უსაფრთხოებისა და სამხედრო საკითხების ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია საქართველოს პრემიერის მედიაციით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეულ შეთანხმებას, რის შედეგადაც კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გათავისუფლდა.

როგორც მაისაიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა, ეს საქართველოს პრემიერმინისტრის დიდი გამარჯვებაა, რომელიც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთადაა მიღწეული.

„ეს ქართული დიპლომატიის სერიოზული გამარჯვება და ჩვენი ხელისუფლების დიდი წარმატებაა. საქართველომ აზერბაიჯანისა და სომხეთის ურთერთობებში მედიატორის როლი შეასრულა. ეს ჩვენი რეგიონული სტატუსის მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი გარღვევაა, ჩვენ კავკასიის რეგიონში პოზიციას ვიბრუნებთ და ეს კარგია. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ჩვენს სტრატეგიულ მეგობართან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად უსერიოზულესი ნაბიჯი გადაიდგა. მინდა, ეს სერიოზული გამარჯვება ქართველ დიპლომატებსა და პოლიტიკურ მოღვაწეებს მივულოცო.

ფაქტობრივად, საქართველომ თავის ისტორიული შემოქმედება გაიმეორა. 1919 წლის სექტემბერში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მეთაურმა აზერბაიჯან-სომხეთის ომის დასრულებაზე ანალოგიური ნაბიჯი გადადგა. იმ დროს სერიოზული კავკასიური კონფერენცია ჩატარდა, რომელმაც მაშინდელი რეგიონული უსაფრთხოების კონტურები გამოკვეთა. იგივე ისტორიული ნაბიჯი გადადგა დღევანდელმა ხელისუფლებამაც. მინდა, ეს მემკვიდრეობა ძალიან პოზიტიურად შევაფასო.

საქართველო თავის სატატუსკვოს იბრუნებს, რომელიც რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად შეიბღალა. რუსეთის აგრესია და ომი სწორედ იქითაკენ იყო მიმართული , რომ საქართველოს რეგიონული ლიდერის სტატუსი შებღალულიყო და კავკასიის რეგიონის უსაფრთხოების სისტემიდან ამოვარდნილები ვყოფილიყავით, რაც მტერს არ გამოუვიდა.

ჩვენ შევეცადეთ, რუსეთისთვის ჰეგემონის პოზიციები შეგვესუსტებინა. კარგი გაგებით, რუსეთს დიპლომატიური ალიყურიც გავაწანით. რადგან ეს ქართულ- ამერიკული ინიციატივის ფორმატში მოხდა, რაც მნიშვნელოვანი მომენტია“- განაცხადა მაისაიამ.

მისივე თქმით, აშშ კავკასიის რეგიონში ბრუნდება.

„აუცილებად უნდა გავუსვათ ხაზი ამაში ამერიკული დიპლომატების ჩართვასაც. ამერიკა კავკასიის რეგიონში ბრუნდება. როგორც მოგეხსენებათ, ტრამპის ადმინისტრაციას კავკასურ პოლიტიკასთან დაკავშირებით ცოტა განსხვავებული ხედვა ჰქონდა. ხოლო ბაიდენის ადმინისტრაციას, როგორც ჩანს, აბსოლუტურად სწორი ხედვა აქვს და ის ბრუნდება კავკასიაში. ეს იყო პირველი გადადგმული ნაბიჯი. ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ საქართველო თავისი პროდასავლური, ევროატლანტიკური და ევროპული საგარეო პოლიტიკის მიმართ უდრეკია. ამით ჩვენს მოწინააღმდეგესაც, მტერსაც საკადრისი პასუხი გაეცა.

საინტერესო ისაა, რომ გაიცვალა 15 სომეხი სამხედრო მოსამსახურე, ისინი სამშობლოში საქართველოს გავლით დაბრუნდნენ, ამავე დროს სომხეთმა აზერბაიჯანს დანაღმული ტერიტორიების რუკა გადასცა.
ეს არის ძალიან კარგი საფუძველი იმისავის, რომ ახალი რეგიონული უსაფრთხოების მოდელი განვითარდეს. თუკი ჩვენი ხელისუფლება აზერბაიჯანსა და სომხეთს შესთავაზებს, რომ თბილისში რეგიონული უსაფრთხოების კონტურების შესახებ საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდეს, ეს დამაგვირგვინებელი მოვლენა იქნება“ – განაცხადა მაისაიამ.

მისივე თქმით, როგორც ჩანს, საქართველო და ამერიკა კავკასიურ-კასპიურ საგარეო პოლიტიკურ მიმართულებას ავითარებენ. როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, ეს კარგი ნაბიჯი იქნება იმისათვის, რომ პუტინის ავტორიტარულ რეჟიმს ღირსეული პასუხი გავცეთ.

„აღნიშნული მოვლენა საქართველოს პრემიერმინისტრის დიდი გამარჯვებაა, ჩვენს სტრატეგიულ მეგობართან ერთად. ბატონი რიკერის ვიზიტი კიდევ უფრო ადასტურებს იმას, რომ საქართველო და ამერიკა, როგორც ჩანს, კავკასიურ-კასპიურ საგარეო პოლიტიკურ მიმართულებას ავითარებენ. ეს კარგი ნაბიჯი იქნება იმისათვის, რომ პუტინის ავტორიტარულ რეჟიმს ღირსეული პასუხი გავცეთ და საქართველოს წინააღმდეგ ის ჰიბრიდული ომი დასრულდეს, რომლესაც რუსეთი აწარმოებს.
ეს აკადემიური და საექსპერტო საზოგადოებიც გამარჯვებაცაა. ჯერ კიდევ შარშან, საექსპერტო საზოგადოებამ, რომლებიც კავკასიის საკითხებზე ვმუშაობთ, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს შევთავაზეთ კონკრეტული წინადადებები, რომ საქართველო სომხურ -აზერბაიჯანულ ურთიერთობებში მედიატორი ყოფილიყო.

აღნიშნული, მით უმეტეს, სერიოზული მოვლენაა იმ მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მოვლენის წინ, რომელიც ნატოს სამიტია. ასევე ევროკავშირისა და ამერიკის ერთობლივი სამიტი იმართება, 16 ივნისს კი რუსეთ- ამერიკის ერთობლივი სამიტი. ამ სამიტების წინ ასეთი საერიოზული ნაბიჯის გადადგმა, აუსაფრთხოების საერთაშორისო სისტემებში ჩვენი საერთაშორისო სატატუსის კიდევ უფრო წინ წაწევაა“ – განაცხადა მაისაიამ.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აქტიური ფასილიტაციისა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის, ფილიპ რიკერის ჩართულობით, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა და საქართველოს ტერიტორიის გავლით, ისინი საკუთარ ოჯახებს დაუბრუნდნენ.

მათივე ცნობით, საქართველოს პრემიერმინისტრის აქტიური ჩართულობით, ასევე, შესაძლებელი გახდა სომხური მხარის მიერ აზერბაიჯანული მხარისთვის დანაღმული ტერიტორიების შესახებ მნიშვნელოვანი მასალების გადაცემა.

„საქართველოს პრემიერმინისტრი პირადად იმყოფებოდა მუდმივ კავშირზე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის მოქმედ პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების აქტიურობით და პროცესებში საქართველოს მნიშვნელოვანი მონაწილეობით, განსაკუთრებული ნაბიჯი გადაიდგა სამხრეთ კავკასიის რეგიონში უსაფრთხოების გარემოს გასაუმჯობესებლად. აღნიშნული ფაქტი მნიშვნელოვან იმპულსს მისცემს საქართველოს უშუალო მეზობლებს შორის დაძაბულობის შემდგომ შემცირებას“ – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები