საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, საქართველოს ხელშეწყობით აზერბაიჯანის მიერ სომხეთის 15 მოქალაქის გათავისუფლება და აზერბაიჯანისთვის დანაღმული ტერიტორიების რუკების გადაცემა უაღრესად მნიშვნელოვანი ფაქტია.
მისივე თქმით, საქართველო იბრუნებს რეგიონში იმ მაღალ პოზიციას, რომელიც ეხება მედიაციას, რომელიც ეხება მშვიდობის კუთხით ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებულ როლს.
„აღსანიშნავია საქართველოს და განსაკუთრებით პრემიერმინისტრის განსაკუთრებული როლი მედიაციის თვალსაზრისით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოვალეობის შემსრულებლის რიკერის ჩართულობა. ამ ჩართულობისა და მოქმედების შედეგად უაღრესად მნიშვნელოვანი რამ განხორციელდა, სომხეთს დაუბრუნდა 15 ტყვე, აზერბაიჯანმა მიიღო სომხეთისგან ინფორმაცია იმ რუკების შესახებ, რომელიც ასახავს დანაღმული ტერიტორიების არეალს. საქართველო იბრუნებს რეგიონში იმ მაღალ პოზიციას, რომელიც ეხება მედიაციას, მშვიდობის კუთხით ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებულ როლს“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.
საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პირადი ჩართულობით, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული, სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა და, საქართველოს ტერიტორიის გავლით, ისინი საკუთარ ოჯახებს დაუბრუნდნენ.