ბაიდენისა და პუტინის შეხვედრამდე, თეთრ სახლში დაასახელეს ის საკითხები, რომლებშიც მზად არიან რუსეთთან თანამშრომლობისთვის

შეერთებული შტატები მზადაა, რუსეთთან იმუშაოს სტრატეგიული სტაბილურობის საკითხებზე, სირიაზე და არქტიკასთან დაკავშირებულ თემებზე, ისევე როგორც რიგ სხვა სფეროებში, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწემ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა ბრიტანეთში გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, ვაშინგტონის პოზიცია მოსკოვთან ურთიერთობაში ემყარება ორ ფუნდამენტურ ელემენტს.

“უპირველეს ყოვლისა, შეერთებული შტატები ეძებს საერთო ინტერესს, რომლის დროსაც მხარეებს შეუძლიათ, ერთად იმუშაონ იმ შედეგების მისაღწევად, რომლებიც სარგებელს მოუტანს შეერთებულ შტატებსა და ამერიკელ ხალხს. აქ არის სტრატეგიული სტაბილურობის საკითხი. აქ არის სირია და ჰუმანიტარული ხელმისაწვდომობის საკითხი. არსებობს საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია არქტიკასთან და სხვა სფეროები, სადაც ჩვენი ინტერესი იქნებოდა რუსეთთან მუშაობის საფუძვლის მოძებნა”, – თქვა სალივანმა.

მან ასევე ურთიერთობების მეორე “ელემენტზე” გაამახვილა ყურადღება, რომლის იდეა მდგომარეობს იმაში, რომ შეერთებულმა შტატებმა ,,მკაფიოდ უნდა განაცხადოს იმ მავნე მოქმედებებზე, რომლებსაც არ შევეგუებით და რომლებსაც ჩვენ შევეწინააღმდეგებით”.

”ჩვენ ვერ ვიძლევით იმის გარანტიებს, თუ რას გააკეთებს რუსეთი, მაგრამ შეგვიძლია, დავპირდეთ ამერიკის ქმედებებზე, ანუ ჩვენ ვუპასუხებთ, თუ ეს მავნე მოქმედება გაგრძელდება”, – განმარტა სალივანმა.

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ბრიტანეთის კორნუოლში G7 სამიტის დასრულების შემდეგ ბრიუსელში გაემგზავრა, სადაც დღეს ნატო-ს სამიტი გაიმართება.

16 ივნისს კი ბაიდენი ჟენევაში რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინს შეხვდება.

თავად ბაიდენმა 13 ივნისს განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს შეუძლია, ითანამშრომლოს რუსეთთან ბევრ საკითხში, მათ შორის, ლიბიასა და სირიის თემებზე.

ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ მხარეებმა უნდა აღადგინონ პირადი კონტაქტები, დაამყარონ პირდაპირი დიალოგი და შექმნან ურთიერთქმედების მოქმედი მექანიზმები.

კრემლში ასევე ხაზს უსვამენ, რომ მოლაპარაკებებისგან ბევრს არ ელიან რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის არსებული უთანხმოების გამო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები