“აშშ ისრაელის საუკეთესო მეგობარია” – ბაიდენმა ისრაელის ახალ პრემიერთან პირველი სატელეფონო საუბარი გამართა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის ახლადდანიშნულ პრემიერმინისტრთან, ნაფტალი ბენეტთან პირველი სატელეფონო საუბარი გამართა.

მედიის ინფორმაციით, ბენეტმა ბაიდენს ღაზას სექტორში ბოლოდროინდელი სამხედრო ესკალაციის დროს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ისრაელი ბაიდენში მეგობარს ხედავს.

საუბრისას ორივე ლიდერმა ხაზი გაუსვა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას. გარდა ამისა, ჯო ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ერთგულება ისრაელის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხს.

მანამდე, ბაიდენის განცხადება გავრცელდა, რომელშიც თეთრი სახლის ლიდერმა ნაფტალი ბენეტსა და იაირ ლაპიდს თანამდებობაზე არჩევა მიულოცა.

”ჩემი ადმინისტრაცია სრულად არის მზად, იმუშაოს ისრაელის ახალ მთავრობასთან ისრაელელებისთვის, პალესტინელებისა და რეგიონის მთელი მოსახლეობის უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველსაყოფად”, – ნათქვამია ბაიდენის განცხადებაში.

მისი თქმით, აშშ ისრაელის საუკეთესო მეგობარია.

12-წლიანი მმართველობის შემდეგ, ისრაელში პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ შეცვალეს. ამიერიდან, ქვეყანას ნაფტალი ბენეტი უხელმძღვანელებს.

24-ე მოწვევის კნესეტში არჩევნები 23 მარტს ჩატარდა, რაც უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში მეოთხე რიგგარეშე არჩევნები იყო მას შემდეგ, რაც წინა მოწვევის პარლამენტმა მუშაობა ვადაზე ადრე შეწყვიტა.

ბენეტმა მომხრეებთან ერთად კოალიცია “ცვლილებების ბლოკი” შექმნა, რომელშიც 8 პარტია გაერთიანდა.

პარტიებს შორის მიღწეული შეთანხმების მიხედვით, პარტია “იამინას” ლიდერი, ნაფტალი ბენეტი ქვეყანას დაახლოებით ორი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს, ხოლო შემდეგ მას პარტია “ეშ ათიდის” ლიდერი, იაირ ლაპიდი ჩაანაცვლებს.

იაირ ლაპიდმა კოალიციური მთავრობის შექმნის მანდატი ისრაელის პრეზიდენტ რეუვენ რივლინისგან მას შემდეგ მიიღო, რაც ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამის გაკეთება ვერ შეძლო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები