თენგიზ ცერცვაძე: ყველაფერს ვაკეთებთ რათა, ქვეყანაში აკრძალვები და შეზღუდვები მინიმალური იყოს
“ა.წ. 12 ივნისს ინტერნეტში, სავარაუდოდ ყალბ პლატფორმაზე ვირუსულად გავრცელდა ვითომდა ჩემს მიერ გაკეთებული ინფორმაცია მყვირალა სათაურით „მოგვიწევს ქვეყნის ჩაკეტვა ლოკდაუნის გამოცხადება“, რომელიც მტკნარი სიცრუეა”,- ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, აღნიშნული დეზინფორმაცია მოსახლეობის გაღიზიანებას ისახავს მიზნად.
“ა.წ. 12 ივნისს ინტერნეტში, სავარაუდოდ ყალბ პლატფორმაზე ვირუსულად გავრცელდა ვითომდა ჩემს მიერ გაკეთებული ინფორმაცია მყვირალა სათაურით „მოგვიწევს ქვეყნის ჩაკეტვა ლოკდაუნის გამოცხადება“, რომელიც მტკნარი სიცრუეა და მიზნად ისახავს მოსახლეობის გაღიზიანებას, დასტრესვას და საქართველოში კოვიდ პანდემიის წარმატებულ მართვაზე ჩრდილის მიყენებას.
ზუსტად ამ დღეს მე ვიმყოფებოდი ქალაქ ქუთაისში იმერეთის რეგიონის კოვიდ კლინიკების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, სადაც განვიხილეთ COVID-19-ით ავადმყოფების მოვლისა და მკურნალობის სერვისების ოპტიმიზაციის და გარდაცვალების შემთხვევების შემცირების საკითხები.
ეს შეხვედრა გაშუქდა ტელევიზიების საშუალებით, სადაც მე სრულიად საპირისპირო შინაარსის ოპტიმისტური განცხადებები გავაკეთე.
ჩვენ არა თუ ვემხრობით ლოკდაუნებს და ჩაკეტვებს, არამედ პირიქით, ჯანდაცვის სამინისტროსთან და NCDC-სთან ყველაფერს ვაკეთებთ რათა, ქვეყანაში აკრძალვები და შეზღუდვები მინიმალური იყოს და რაც შეიძლება მალე დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას.
შედეგიც სახეზეა – საქართველოში ე.წ. „მესამე ტალღის“ მანძილზე ყველანაირი შეზღუდვები იყო გაცილებით რბილი და მსუბუქი, ვიდრე ევროპის უმეტეს ქვეყნებში, ხოლო ამჟამად პრაქტიკულად ყველა აკრძალვა და შეზღუდვა მოხსნილია, დარჩა მხოლოდ კომენდანტის საათი და ისიც მხოლოდ მინიმალური დროით.
და ამას ქვეყანამ მიაღწია მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ვაქცინაცია დაგვიანებით დაიწყო და პირბადეების გამოყენების მაჩვენებელიც დაბალია.
შემდგომში არასასიამოვნო გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად, მოსახლეობას ვთხოვ ისარგებლონ მხოლოდ ჩემი პირადი ან სამსახურის (ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი) ფეისბუქ გვერდებზე გამოქვეყნებული ინფორმაციებით და ნუ ენდობიან საეჭვო რეპუტაციის ინტერნეტ პლატფორმებს“,- წერს ცერცვაძე.