ევროპის წამლების მარეგულირებელი AstraZeneca-ს ვაქცინასთან დაკავშირებით ახალ გაფრთხილებას ავრცელებს

ევროპის მედიკამენტების სააგენტო კომპანია AstraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინასთან დაკავშირებით ახალ დასკვნას აქვეყნებს, რომლის მიხედვით, პრეპარატი არ უნდა შესთავაზონ პაციენტებს, რომლებსაც ვენების კაპილარებთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ.

სააგენტოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ პრეპარატის გვერდითი ეფექტების ჩამონათვალში კაპილარების სინდრომიც არის შესაყვანი და ამ რისკის შესახებ ექიმებსა და პაციენტებს უნდა ეცნობოთ.

სააგენტოს პროფილურმა კომიტეტმა პაციენტებში ამგვარი სინდრომის წარმოქმნის 6 შემთხვევა შეისწავლა, მათი უმრავლესობა ქალებში შეინიშნებოდა ვაქცინაციიდან 4 დღის შემდეგ. აქედან სამ ქალბატონს ადრე კაპილარებთან დაკავშირებული პრობლემა ჰქონდა, ერთი პაციენტი გარდაიცვალა.

ამავდროულად, მარეგულირებელი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ საუბარია უკიდურესად იშვიათ შემთხვევებზე.

კაპილარებთან დაკავშირებული სინდრომი იწვევს ხელებისა და ფეხების შეშუპებას, არტერიულ დაბალ წნევას, თრომბის წარმოქმნასა და ალბუმინის ცილის დაბალ დონეს.

რეკომენდაციაში ნათქვამია, რომ იმ შემთხვევაში, თუ ასტრაზენეკას ვაქცინით აცრილი ადამიანები ამგვარ სიმპტომებს შეამჩნევენ იმუნიზაციიდან პირველივე დღეებში, დაუყოვნებლივ სამედიცინო დახმარებას უნდა მიმართონ.

მარეგულირებელმა AstraZeneca-ს დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართა, თუ რა შეიძლება, იწვევდეს ასეთ სინდრომს აცრის შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები