ნათია თურნავა: „ბათუმის მულტიმოდალური ტერმინალი ულტრათანამედროვე უსაფრთხოების ტექნოლოგიების გამოყენებით მოემსახურება გლობალურ გადაზიდვებს და ახალ სამუშაო ადგილებს შემატებს რეგიონს”
„ძალიან ამაყები ვართ იმით, რომ საქართველოს შავი ზღვის საპორტო არეალში მიმდინარეობს ბევრი საინტერესო პროექტი, მიმდინარეობს განვითარება და ერთ-ერთი პირველი არის სწორედ ახალი, მინერალური სასუქების გადამზიდავი ტერმინალი, რომელიც ყველაფერთან ერთად ასაქმებს ასზე მეტ ადამიანს და მომავალში დაასაქმებს კიდევ უფრო მეტ ადგილობრივ მაცხოვრებელს.
ეს არის სრულიად უსაფრთხო ობიექტი, რომელიც აშენებულია ულტრათანამედროვე, ეკოლოგიურად მეგობრული ტექნოლოგიებით და პრაქტიკულად, ამით ინვესტორებმა პასუხი გასცეს ყველა კითხვას, თუ რაიმე არსებობდა საზოგადოებაში ეკოლოგიურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით” – ამის შესახებ ნათია თურნავამ ბათუმის პორტში ახალი მულტიმოდალური კარბამიდის ტერმინალის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, პროექტთან მიმართებაში იყო გარკვეული შეკითხვები, იყო პროტესტიც მოსახლეობაში და ეს ბუნებრივია, რადგან ბათუმი ვითარდება როგორც ტურისტულად მნიშვნელოვანი წერტილი და მიზიდულობის ცენტრი, აქედან გამომდინარე, ყველა ინდუსტრიული ობიექტი აქ უნდა იყოს განსაკუთრებული ეკოლოგიური სტანდარტის შესატყვისი.
„ყველა სანებართვო პროცესი არის შესრულებული, ტერმინალში ძირითადად დამონტაჟებულია „სიმენსის” აპარატურა, ასევე დამონტაჟებულია სხვადასხვა სახის ფილტრები, მათ შორის ჰაერში გაფრქვევისა თუ მტვრის შემაკავებელი ფილტრები და ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფს იმას, რომ ტერმინალი, რომელიც ევროპული და ამერიკული ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი, სრულიად უსაფრთხოდ მოემსახურება გლობალურ გადაზიდვებს და ახალ სამუშაო ადგილებს შემატებს რეგიონს” – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.