,,საქპატენტისთვის ამგვარი საქციელით რეპუტაციული ზიანის მიყენება – ალბათ, დიდხანს ითათბირეს გახარია-მეზვრიშვილთან დღეს როგორ გაეპიარებინათ ეს ამბავი”, – ამის შესახებ ადვოკატი, გიორგი თაქთაქიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, საბჭოთა კავშირი ჯერ კიდევ აქ არის, ის არსად წასულა და ჩვენც კიდევ დიდ ხანს, სრულიად დამსახურებულად, ვიქნებით პოსტსაბჭოთა ქვეყანა.
,,საქპატენტში მიმდინარე მორიგი რყევების შესახებ, ანუ შორს პოლიტიკური გარჩევები საქპატენტისგან.
რამდენიმე ფაქტი:
1. მინდია დავითაძის დანიშვნას წინ უძღვოდა მამაუკა ბახტაძის მიერ თავმჯდომარედ დანიშნული გენო ლებანიძის დაბარება კანცელარიაში და გახარიას მიერ სწორედ იმიტომ გაშვება, რომ ბახტაძის დანიშნული იყო, ანუ როგორც დავითაძე აცხადებს – პოლიტიკური ნიშნით. და ეს მაშინ, როდესაც გენო ლებანიძე ნამდვილად არაფერს აშავებდა, ჭკუაც მოეკითხებოდა და კარგი აღზრდაც ეტყობოდა. ახლა ღარიბაშვილს, რომ იგივეს დააბრალებ გახარია-მეზვრიშვილის ხელის ბიჭი, უბრალოდ უტიფრობაა.
2. თანამდებობაზე დანიშვნიდან „მეორე“ დღეს დავითაძემ იძულებული გახადა სამსახურიდან წასულიყო შესყიდვების სპეციალისტი გიორგი ჯავახიშვილი, რომელიც იმდენად კეთილსინდისიერად და კვალიფიციურად მუშაობდა, რომ აუდიტის სამსახურს (კონტროლის პალატას) წინა 4 თუ 5 წლიანი პერიოდის შემოწმების შედეგად ერთი შენიშვნა არ დაუწერია. რატომ მოიქცა დავითაძე ასე მერე გახდა ნათელი, როდესაც მან საქპატენტის ფულის ხარჯვა დაიწყო.
3. თანამდებობაზე დანიშვნიდან „მესამე“ დღეს გაიზარდა ხელფასი.
4. თანამდებობაზე დანიშვნიდან „მეოთხე“ დღეს ირაკლი კასრაძეს (Irakli Kasradze) მისცა უკანონო დავალებები, რაც უკავშირდებოდა „მთავარი არხის“ და „ნაცმოძროაბის“ სასაქონლო ნიშნების განაცხადებზე საქმისწარმოების ხელოვნურად შეფერხებას, რის გამოც მივიღეთ საქპატენტის თავმჯდომარე, რომლის მიმართაც პროკურატურა ატარებდა (თუ ახლაც ატარებს) მოკვლევას. ის რომ დავითაძე უკანონოდ იქცეოდა კასრაძის მიმართ, დადასტურებულია სახალხო დამცველის და შრომის ინსპექციის დასკვნებით და მალე, დარწმუნებული ვარ, დადასტურდება სასამართლოს გადაწყვეტილებითაც.
5. არავითარი საქმიანი კომუნიკაცია პატენტრწმუნებულებთან საქპატენტში მიმდინარე უკანონობის შესახებ, რაც კასრაძის საქმეს უკავშირდებოდა, მიწერილ წერილებზე პასუხის ნაცვლად ჩემი რამდენიმე კოლეგის ცალკე დაბარება იმის გასარკვევად ისინიც იზიარებენ თუ არა ჩემ კრიტიკულ აზრს. კიდევ კარგი 37 წელი არ არის, ალბათ ცალ-ცალკე დაგვხვრეტდა კრიტიკული აზრისთვის…
6. საქპატენტის ახალი აშენებული შენობის რემონტზე შუა პანდემიასა და კრიზისის დროს 400,000 ლარის ხარჯვა.
7. ,,საქპატენტისთვის” ამგვარი საქციელით რეპუტაციული ზიანის მიყენება – ალბათ, დიდ ხანს ითათბირეს გახარია-მეზვრიშვილთან დღეს როგორ გაეპიარებინათ ეს ამბავი, არ გამიკვირდება საზღვარგარეთ, პარტნიორ ორგანიზაციებს მიწეროს, რომ პოლიტიკური ნიშნით მოხსნეს და კიდევ უფრო დააზიანოს საქპატენტის და ქვეყნის რეპუტაცია.
მწარე დასკვნა: როდესაც ვუყურებ 30 წლის დავითაძეს, ცუდად აღზრდილსა და განათლებულს, რომელიც თანამშრომლებთან ურთიერთობისას ვერ არჩევს ქალს და კაცს, უფროს-უმცროსს, მიდრეკილია კორუფციისკენ, შეუძლია ამ გაჭირვებაში ბიუჯეტიდან ტყუილად დახარჯოს 400,000 ლარი (უკეთეს შემთხვევაში), არ აქვს სინდისი და სირცხვილის გრძნობა, რადგან ამხელა ფულს ხარჯავს მაშინ, როდესაც სულ ხელი გვაქვს გაწვდილი და ამ სფეროში თუკი რამე მნიშვნელოვანი ხდება ევროკავშირის ფულით ფინანსდება, ვხვდები, რომ საბჭოთა კავშირი ჯერ კიდევ აქ არის, ის არსად წასულა და ჩვენც კიდევ დიდ ხანს, სრულიად დამსახურებულად, ვიქნებით პოსტ-საბჭოთა ქვეყანა,”- წერს გიორგი თაქთაქიშვილი.
ცნობისთვის, საქპატენტის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა.