შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, არასრულწლოვანი – 2005 წელს დაბადებული შ.ა. ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ან განადგურების ბრალდებით, ბათუმში დააკავეს, – ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას შსს ავრცელებს.
მათივე ცნობით, დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. “გამოძიებით დადგინდა, რომ შ.ა.-მ მიმდინარე წლის 9 ივნისს, თანმხლებ პირებთან ერთად, ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მდებარე მარკეტი „ფარფურის“ მინის კარი დააზიანა და იქ არსებულ ნივთებს ცეცხლი წაუკიდა.
დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით ტარდება შესაბამისი საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები. მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, – აღნიშნულია ინფორმაციაში.