სტრასბურგის სასამართლომ „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ – ე.წ. განგრძობადი ოკუპაციის საქმის განხილვა განაახლა

სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს მეოთხე სახელმწიფოთაშორისი საჩივრის ე.წ. განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე განხილვა განაახლა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველო ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარდგენილი სარჩელით ითხოვს, რომ ევროპული კონვენციის არაერთი მუხლის დარღვევისთვის, რუსეთის პასუხისმგებლობა დადგინდეს. კერძოდ, განგრძობადი ოკუპაციით, მავთულხლართების გაბმითა და საქართველოს მოსახლეობის მიმართ წარმოებული მიზანმიმართული კამპანიით, რუსეთის მიერ ევროპული კონვენციის ისეთი მუხლები ირღვევა, როგორიცაა: სიცოცხლის უფლება, წამების აკრძალვა, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება, სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება, საკუთრების უფლება, განათლების უფლება და მიმოსვლის თავისუფლება.

იუსტიციის სამინისტრომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მეოთხე სახელმწიფოთაშორისი საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში 2018 წლის 21 აგვისტოს შეიტანა. სამინისტროს განმარტებით, საჩივარი რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოსახლეობის მასობრივი შევიწროების, დაკავებების, თავდასხმებისა და მკვლელობების ადმინისტრაციულ პრაქტიკას ეხება.

„აღნიშნული ქმედებები განსაკუთრებით 2008 წლის ომის შემდეგ გაძლიერდა და კრიტიკულ ზღვარს 2018 წლის თებერვალში არჩილ ტატუნაშვილის წამებისა და მკვლელობის დროს მიაღწია. საჩივარში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობის საქმეებს.

2008 წლის აგვისტოს ომის საქმის მსგავსად, რომელიც საქართველოს ისტორიული გამარჯვებით დასრულდა, იუსტიციის სამინისტრო გააგრძელებს სახელმწიფოს ინტერესების ეფექტიან დაცვას მიმდინარე სახელმწიფოთაშორისი დავის ფარგლებში.

აღნიშნულ საჩივარზე წარმოება დროებით „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)“ საქმეზე (ე.წ. “ომის საქმე“) გადაწყვეტილების მიღებამდე იყო შეჩერებული“,- ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები