პოლიციამ ბათუმში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია 1 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1997 წელს დაბადებული გ.კ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს, – ამათან დაკავშირებით ინფორმაციას შსს ავრცელებს. მათივე ცნობით, დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბათუმში, ზუბალაშვილის ქუჩაზე, 1991 წელს დაბადებული კ.ფ. ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოშია მოთავსებული, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.
პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, – აღნიშნულია ინფორმაციაში.