მარნეულში პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ბრალდებით 1 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1971 წელს დაბადებული ზ.გ. პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ბრალდებით დააკავეს, – ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას შსს ავრცელებს.
მათივე ცნობით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ, ფარულად გადაიღო ნაცნობ ქალთან ინტიმური ურთიერთობის ამსახველი ვიდეო და ფოტომასალა, რის შემდეგაც აღნიშნული მასალა უკანონოდ გავრცელდა.
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, – აღნიშნულია ინფორმაციაში.