ლენტეხში მომხდარი მკვლელობის საქმეზე 2 პირია დაკავებული.
როგორც ადგილობრივებმა “რეგიონულ კვირას” განუცხადეს, დაკავებულია სოფელ ჩიხარეშის რწმუნებულის – ანა ჩარქსელიანის მეუღლე და იმ ოჯახის ერთ-ერთი წევრი, სადაც 47 წლის მამაკაცი მკვლელობამდე იმყოფებოდა. მათ გამოძიება ინფორმაციის დამალვას ედავება.
მიკროავტობუსის მძღოლის ცემაში უშუალოდ მონაწილე პირებს სამართალდამცველები ამ დრომდე ეძებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია 2 ადამიანი, მათ წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლით დაიწყო, რაც ცრუ ჩვენების მიცემას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა სოფელ ჩიხარეშში 5 ივნისს მოხდა. ფიზიკური ანგარიშსწორების შედეგად, 47 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ცემაში, სავარაუდოდ, ოთხი პირი ფიგურირებს. ჩხუბის მიზეზად ადგილობრივები რამდენიმე ვერსიაზე საუბრობენ, მათ შორის, ფულის გამოძალვაზეც.