ალეკო ელისაშვილი: პარტიების სახელმწიფო დაფინანსებასთან დაკავშირებით ცვლილებებს მხარს დავუჭერ – არხეინი ცხოვრება, ხელფასის მიღება სწორი არ არის
“პარტიების სახელმწიფო დაფინანსებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო პაკეტში ცვლილებებს მხარს დავუჭერ”, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის უპასუხისმგებლობასთან ბრძოლა და არა – პარტიების დასჯა.
„ამ ცვლილებებს მხარს დავუჭერ, რადგან მიმაჩნია, რომ ჩემთვის პოლიტიკა არის ხალხის სამსახური. როცა ხალხი გირჩევს, მანდატს გაძლევს და პარლამენტში არ შედიხარ, მაგრამ სახელმწიფო დაფინანსებას იღებ, ასე არ უნდა ხდებოდეს. ეს წესი 2022 წლიდან გავრცელდება, რომ პოლიტიკურ ანგარიშსწორებად არ ჩაითვალოს, მაგრამ ახლა გავრცელების მომხრეც ვარ. ანუ, რას ნიშნავს, აგირჩიეს, პარლამენტში არ დადიხარ და გეზარება, მაგრამ ფულს იღებ. მაშინ იმ ფულსა და ხელფასზეც თქვი უარი. ეს იქნება სწორი. ეს არის უპასუხისმგებლობასთან ბრძოლა და არა – პარტიების დასჯა. კეთილი ინებე და იმუშავე, რისთვისაც ხალხმა მანდატი მოგცა. არხეინი ცხოვრება, ხელფასის მიღება სწორი არ არის“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.