ბადრი ჯაფარიძე – გახარიაზე: სამარცხვინო განცხადებები მოვისმინეთ
“ლელო საქართველოსთვის” ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე ყოფილი პრემიერისა და პარტია “საქართველოსთვის” ლიდერის, გიორგი გახარიას გუშინდელ განცხადებებს სამარცხვინოს უწოდებს.
„გუშინ მან იცრუა მთელი რიგი მიმართულებებით. სინანული მაინც ჰქონდეს ადამიანს. როდესაც რაღაც შეცდომას დაუშვებ, პირველი ნაბიჯი სინანულია. ჩვენ ვერანაირი მსგავსი რამ ვერ შევატყვეთ გუშინ გახარიას, პირიქით, ურცხვად ამართლებს თავის მოქმედებას 20 ივნისთან დაკავშირებით. ამბობს, რომ დარბევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება თვითონ მიიღო, თითქოს, მას არ უბრძანეს. მიიჩნევს, რომ სწორი იყო ნიკა მელიას მიმართ პოლიტიკური დევნა. ჩვენ მიმართ წარმოებულ პოლიტიკურ დევნაზე თურმე ახლა გამოძიება მიმდინარეობს. დააკვირდით მის ამ ჩანაწერს. იმის ნაცვლად, რომ მთელმა დასავლურმა სამყარომ აღიარა, რომ ჩვენ მიმართ წარმოებული სისხლის სამართლებრივი დევნა არის პოლიტიკური დევნა და ამასთან დაკავშირებით სახელმწიფო დეპარტამენტმა გააკეთა განცხადება, გახარიამ თქვა, რომ თურმე გამოძიება მიმდინარეობს. სამარცხვინო განცხადებები მოვისმინეთ. წერილთან დაკავშირებით ის ყოველთვის უარყოფს ამ წერილს. მის მიერ ამის აღიარება, როგორც ჩანს, მიაჩნია თავისი პოლიტიკური კარიერის დასასრულად. ის ყოველთვის უარყოფს სიმართლეს. სიმართლე არის ერთი. ვერც ერთ ჩემს განცხადებას ვერ ნახავთ, სადაც რაიმე განსხვავებული მეთქვას. წერილი იყო გადმოცემული მის მიერ ჩემთვის. შემდეგ მე და მამუკა ხაზარაძემ ის წერილი ერთად განვიხილეთ. მე გადმომცა პირადად. სიცრუეა, რაც მან გუშინ განაცხადა, თითქოს, ჩვენ სადღაც განსხვავებულ რამეს ვამბობდით, არადა, განსხვავებული რამ ჩვენ არ გვითქვამს“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.